Ukraine war11

23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამერიკელ, ბრიტანელ, ფრანგ და თურქ კოლეგებთან გამართა სატელეფონო საუბარი, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს ომში გამოიყენოს ე.წ. ბინძური ბომბი - რადიოაქტიური ნივთიერებებით გაჯერებული ასაფეთქებელი მოწყობილობა - იმ მიზნით, რომ მოსკოვი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულოს. მომდევნო დღეებში დასავლეთის მედიის საინფორმაციო გამოშვებებში აღინიშნა, რომ ამან ვერ მოახდინა შთაბეჭდილება დასავლეთის ლიდერებზე. ამასთან, აშშ-ს, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 24 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში დაგმეს რუსეთის ბრალდება და მას "გამჭვირვალე სიცრუე" უწოდეს. მათ აღნიშნეს, რომ "მსოფლიო გამოაშკარავებს რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, ეს ბრალდება გამოიყენოს ესკალაციის საბაბად".

ბინძური ბომბი - ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მზადდება ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებებში რადიოაქტიური მასალის ან რადიოაქტიური ნარჩენების შერევით. მისი დამზადება შედარებით იაფად შეიძლება და მასში ნებისმიერი სახის რადიოაქტიური მასალის გამოყენება არის შესაძლებელი, მათ შორის საავადმყოფოებში და კვლევით ლაბორატორიებში არსებული მასალის. მსოფლიოში უკვე დიდი ხანია შიშობენ, რომ ტერორისტებმა შეიძლება სცადონ და გამოიყენონ მსგავსი იარაღი, რომელსაც გარემოს და მრავალი ადამიანისთვის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია.

ამავე ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მოთხოვნით 2022 წლის 25 ოქტომბერს სასწრაგოდ შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო. რუსეთმა გაიმეორა, რომ უკრაინა ემზადება ე.წ. ბინძური ბომბის გამოსაყენებლად, თუმცა რუსეთს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ამ ინფორმაციის დასადასტურებლად.

25 ოქტომბერს გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ, მედიასთან არაფორმალური კომენტარი გააკეთა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უშიშროების საბჭოზე განხილული იყო უკრაინის ხელისუფლების მიერ ბინძური ბომბის შექმნის და გამოყენების შესაძლებლობა. რუსეთის მხარე ამის მიზეზად ასახელებს უკრაინის სურვილს, თავიდან აიცილოს მარცხი და ჩართოს ნატო რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში.

25 ოქტომბერს რუსეთის მოთხოვნით გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა. სხვა კონკრეტული საკითხები, რის გარშემოც გაიმართა მსჯელობა, არ გახმაურებულა. მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ სად მდებარეობს ლაბორატორიები, სადაც უკრაინას შეუძლია ბირთვული მასალებით ბინძური ბომბის დამზადება, რუსეულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს ლაბორატორიებია ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი და კიევში არსებული უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი. ბრიტანული ბი-ბი-სი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთს, ასევე, აქვს ეჭვი დნიპროპეტროვსკის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში არსებულ აღმოსავლეთის მინერალური გამამდიდრებელი საწარმოს მიმართაც (Eastern Mineral Enrichment Plant in central Dnipropetrovsk region).

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მისი ინსპექტორები რეგულარულად ამოწმებდნენ ამ ობიექტებს უკრაინაში და რომ უკრაინის მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, ინსპექტორები უახლოეს დღეებში აუცილებლად დაბრუნდებიან მათ შესამოწმებლად. რაფაელ გროსიმ ასევე განმარტა, რომ IAEA-მ ერთი თვის წინ დაათვალიერა ერთ-ერთი ეს ადგილი და ყველა შეფასება შეესაბამებოდა უკრაინის უსაფრთხოების დეკლარაციას - არავითარი არადეკლარირებული ბირთვული აქტივობა ან მასალა იქ არ იყო ნაპოვნი.

ნატომ უარყო რუსეთის ბრალდებები, რადგან რუსეთს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება ბრალდებების დასაბუთებისთვის.

24 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადების თანახმად, რუსეთის გაფრთხილება ნიშნავს, რომ თავად რუსეთმა შეიძლება მოამზადოს მსგავსი თავდასხმა: „თუ რუსეთი ამბობს, რომ უკრაინა თითქოს რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთ რამეს: რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი“.

რუსეთის პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს სამხრეთ ხერსონის რეგიონში. კიევის ძალებმა რეგიონში კონტრშეტევა აგვისტოში წამოიწყეს და მისი ძალები ნელ-ნელა იბრუნებენ რეგიონული დედაქალაქის ქალაქ ხერსონისკენ რუსეთის მიერ თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ხერსონი არის ერთადერთი დიდი უკრაინული ქალაქი - რეგიონალური დედაქალაქი, რომლის აღებაც რუსეთის ძალებმა მოახერხეს მისი შემოჭრის შემდეგ.

რუსეთი ასევე ადანაშაულებს უკრაინას ხერსონის ჩრდილოეთით, მდინარე დნიპროზე ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების მომზადებაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს კატასტროფული შედეგები.

კაშხლის გასწვრივ არსებული საგზაო და სარკინიგზო ხაზები წარმოადგენენ რუსეთის ჯარისათვის მომარაგების ბოლო შესაძლებლობას ხერსონის გარშემო განთავსებული და უკრაინელების მიერ ალყაში მოქცეული რუსული ძალებისათვის. ასევე, კაშხლის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს კაშხლის სამხრეთით უკრაინის ტერიტორიიის დატბორვა და წყლის მომარაგების შეზღუდვა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთს აქვს ანექსირებული.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მზარდი საფრთხე

დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით კვლავ არსებობს რისკი, რომ მოსკოვმა უკრაინაში დაბალი სიმძლავრის "ტაქტიკური" ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რათა აიძულოს კიევი კაპიტულაციისკენ იმ დროს, როდესაც უკრაინული ძალები წინ მიიწევენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის პროვინციაში.

25 ოქტომბერს 2022, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ ასეთი ნაბიჯი იქნებოდა "წარმოუდგენლად სერიოზული შეცდომა". პასუხად, 26 ოქტომბერს, პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი ტერიტორია მის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღის გამოყენებით, რომელიც მოიცავს მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ მარაგს, მაგრამ კონკრეტულად არ ისაუბრა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე.

ასევე, 26 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც დაძაბულობა მაღალია უკრაინის წინააღმდეგ „ბინძური ბომბის“ ბრალდებების გამო, რუსეთმა დაიწყო სამხედრო წვრთნა, რომელშიც მონაწილეობს ბირთვული წყალქვეშა ნავები, სტრატეგიული ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები. ამ სწავლებით, რომელსაც "ჭექა-ქუხილი" უწოდეს, რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას დასავლეთის - ნატოს ძალების - შეკავებისა და დაშინების მიზნით.

ბირთვული ბალისტიკური და მართვადი რაკეტების საცდელი გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენიდან, რუსეთის პლისეცკის კოსმოდრომიდან (Plesetsk Cosmodrome), ბარენცის ზღვაში განთავსებული წყალქვეშა ნავიდან და სხვა უცნობი ადგილმდებარეობიდან.

პენტაგონმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთმა აცნობა მას წვრთნების ჩატარების განზრახვის შესახებ საკმაოდ გვიან. ეს დრო დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ნატო ატარებს ვარჯიშებს ევროპაში განთავსებული აშშ-ის ბირთვული ბომბების გამოყენებით; ეს ვარჯიშები ყოველწლიურად ტარდება და ‘Steadfast Noon’ ეწოდება. მასში მონაწილეობენ აშშ-ს B-52 ბომბდამშენები, 14 ქვეყანა და 60-მდე თვითმფრინავი.

გამოყენებული წყაროები:

Paul Adams, Russian dirty bomb claims 'feel like scare tactics' , BBC News, 25 October 2022. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-63390210?fbclid=IwAR1thjDZHnWv3Dm4Y3de89a7vTFnRmT6h5xfn7CrXqf8F7AD4as1sTKVjGM

Russia on Ukraine - Security Council Media Stakeout (25 October 2022), United Nations, 26 October 2022, available at: https://www.youtube.com/watch?v=RLZBkjNPins

Ukraine war: UN nuclear watchdog to revisit sites amid Russia 'dirty bomb' claim, BBC News, 25 October 2022, Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-63382277?fbclid=IwAR2juc9WEguc-OSbmxyp41hPNwlP3FxX8Wb5u1NnpoIc4B9q-LaDnudL5jY

Humeyra Pamuk, Pavel Polityuk, Russia brings Ukraine 'dirty bomb' claim to U.N. as West rejects it as false, Reuters, 24 October 2022, Available at: https://www.reuters.com/article/ukraine-crisis-idAFKBN2RJ04E

 

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.