1. რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირობებში
უკრაინის ომის დაწყებისთანავე საერთაშორისო მედიაში საუბარი დაიწყო რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილი რისკის შესახებ. ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომელთაგან რამდენიმე წინ უსწრებდა საომარი მოქმედებების დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე.
2022 წ. 24 თებერვალს - იმ დღეს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში - პუტინმა ისაუბრა აგრესიის დაწყების მიზეზების შესახებ, კერძოდ იმაზე, რომ რუსეთსათვის მიუღებელია ნატოს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი აზრით, ნატოსთან თანამშრომლობით იქმნება მტრული „ანტირუსეთი“ რუსეთის ისტორიულ მიწაზე, რომელიც ინტენსიურად მარაგდება უახლესი იარაღით. „..ეს არის რეალური საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობისათვის“, განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთის პასუხი ისეთი იქნება, რომლის პრეცედენტიც ისტორიაში არ ყოფილა.
რამდენიმე დღის შემდეგ, 27 თებერვალს, მან საჯაროდ უბრძანა თავის თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გადაეყვანათ რუსეთის „შეკავების ძალები“ „სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნაში“.
ზემოთ აღნიშნულ განცხადებებს ექსპერტები და პოლიტიკოსები განმარტავენ, როგორც პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი გარე ინტერვენციის შეკავების მიზნით. ეს მუქარა მიმართულია ნატოსა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომ შეაჩეროს მათი აქტიური ჩართულობა უკრაინის ომში. ამ პირობებში, შეკავების პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, რუსეთი აცხადებს, რომ ინარჩუნებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას.
რუსეთის ხელისუფლების მიერ განმარტებული მუქარის გამომწვევი მიზეზი იმეორებს რუსეთის უახლეს სტრატეგიულ დოკუმენტებში განსაზღვრულ პირობას, თუ როდის გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს. (იხ. ქვემოთ.) 2020 წ. დოკუმენტის „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ბირთვული შეკავების სფეროში“, მიხედვით, რუსეთი იტოვებს უფლებას, ბირთვული იარაღი გამოიყენოს არაბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე რუსეთთნ დაპირისპირებაში იყენებს ჩვეულებრივ იარაღს მხოლოდ და თუ ჩაითვლება, რომ სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია.
რუსეთის პრეზიდენტი, ასევე, ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესია და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა გაამართლოს უფრო განსხვავებული - უკრაინის ბირთვული პოტენციალის შესაძლო განვითარების - საფრთხით. კერძოდ, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ფლობს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებულ სისტემებს და ბირთვულ ტექნოლოგიებს და რომ, უცხოური მხარდაჭერით, „დროის საკითხია“, სანამ უკრაინა ატომურ იარაღს შექმნის. ამის დასტურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 1 მარტს განიარაღების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ „დაიწყო სახიფათო თამაშები საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით“.
საერთაშორისო ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ცხადია, რომ დღეს უკრაინას არ გააჩნია ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებისთვის აუცილებელი და გადამწყვეტი შესაძლებლობები. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება მიედინება უკრაინაში, არავინ აპირებს, უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნაში დაეხმაროს, მით უმეტეს, რომ ეს იქნება საერთაშორისო ნორმების, და კერძოდ, 1968 წ. ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების აშკარა დარღვევა.
2. ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება რუსეთის სამხედრო დოქტრინებში
დღეს მსოფლიოში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმის დაშვებაც კი, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები მედიასა და სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად არის სიტუაციის ასეთი სცენარით განვითარების შესაძლებლობა. მათი უმეტესობა მიმოიხილავს რუსეთის განცხადებულ ბირთვულ პოლიტიკას და ცდილობს შეაფასოს, თუ რამდენად არის მზად რუსეთის პოლიტიკური ელიტა, და კერძოდ, პრეზიდენტი პუტინი, რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
ბირთვული და სხვა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის დარგის ანალიტიკოსები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რას ამბობს რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში გაცხადებულ დებულებები რუსეთის უფლებაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
მათგან უახლესია 2020 წლის ივნისში პუტინის ხელმოწერილი ბრძანებულება - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ბირთვული შეკავების სფეროში. დოკუმენტი განსაზღვრავს რამდენიმე პირობას, რომლითაც რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ჯერ ერთი, რუსეთი არ ამბობს უარს და იტოვებს უფლებას, რომ პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი (მსგავსი პოზიცია სხვა ბირთვულ სახელმწიფოებსაც აქვთ დაფიქსირებული, გარდა ჩინეთისა; ჩინეთი უარს ამბობს, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.) ასევე, რუსეთის ფედერაცია ინარჩუნებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ნებისმიერ სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. და მესამე, რუსეთი მზადაა, ბირთვული დარტყმით უპასუხოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღით აგრესიის შემთხვევასაც კი, თუკი რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.
ამრიგად, რუსეთი იტოვებს უფლებას, ბირთვული იარაღი გამოიყენოს არაბირთვული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია. ეს მიდგომა რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებში 2020 წლიდან არ გაჩენილა და უფრო ხანგრძლივი წარსული/ისტორია აქვს.
2000 წელს რუსეთმა სამხედრო დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ბირთვულ პოლიტიკას ეხებოდა. კერძოდ, ეს იყო პირველი მცდელობა ცივი ომის შემდეგ იმისა, რომ რუსეთი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას უშვებდა ჩვეულებრივი იარაღით წარმოებულ კონფლიქტში. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი მზადაა, უპასუხოს შეზღუდული ბირთვული შეტევით სრული მასშტაბის ჩვეულებრივი იარაღით განხორციელებულ შეტევას და ეს შესაძლებლობა არაფორმალურად „ესკალაცია დე-ესკალაციისათვის“ სტრატეგიით არის ცნობილი.
რუსეთის 2010 წლის სამხედრო დოქტრინამ გაამკაცრა პირობები, რომლითაც შეიძლებოდა ბირთვული იარაღის გამოყენება. მაშინ, როცა 2000 წლის დოკუმენტმა დაუშვა მათი გამოყენება რუსეთის „ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ სიტუაციებში“, 2010 წლის გამოცემამ ისინი შემოფარგლა იმ სიტუაციებით, როდესაც „სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება“. (ანუ, სამხედრო დოქტრინის ბირთვული კომპონენტი ფუნდამენტურად უცვლელი დარჩა 2000 წლიდან.)
2020 წლიდან კი რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ბირთვული დარტყმით უპასუხოს ნებისმიერ აგრესიას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.
როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, დე-ესკალაციის სტრატეგია, რომელსაც არაფორმალურ რუსულ ბირთულ დოქტრინას უწოდებენ, გულისხმობს შეზღუდულ ბირთვულ შეტევას. ამით რუსეთი აიძულებს ოპონენტს დანებებას, პირობების მიღებას და სტატუს კვოს აღიარებას, ასევე, აშშ და მისი მოკავშირეების შეკავებას ისეთ კონფლიქტში ჩართვისაგან, სადაც რუსეთს დიდი ინტერესი აქვს. ამ საფრთხის ხაზგასასმელად, აღსანიშნავია, რომ ყველა დიდი მასშტაბის სამხედრო ვარჯიშები, რომელსაც რუსეთი წარმართავდა 2000 წლის შემდგომ, შეზღუდული ბირთვული შეტევის სიმულაციას ატარებდა.
დღემდე, რუსეთს არ გამოუყენებია დე-ესკალაციის შესაძლებლობა რომელიმე სპეციფიკური კონფლიქტის მიმართ. თავად ამ სახელწოდებით სტრატეგიის არსებობის და რეალურობის შესახებაც არ არსებობს თანხმობა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ექსპერტებს შორის, რადგანაც რუსეთის ოფიციალურ სამხედრო დოქტრინაში/ დოკუმენტებში ამ სახელწოდების კონცეფცია არ არის ნახსენები. მიუხედავად ამისა, აშშ მთავრობა, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის ბირთვული მდგომარეობის მიმოხილვაში აცხადებს, რომ „ესკალაცია დე-ესკალაციისათვის“ კონცეფცია რუსეთის თავდაცვის დაგეგმვის შემადგენელი ნაწილია და აკადემიური დებატები იმის შესახებ, არსებობს თუ არა ფორმალური რუსული დოქტრინა, აზრს კარგავს.
ამგვარად, დღეს რუსეთი იყენებს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას და ბევრ ექსპერტს თუ მოქმედ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ასეთი საფრთხე რეალურად არსებობს და გარკვეულ პირობებში რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. საფრთხე რეალურია იმის გამოც, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება საკუთარი მოსახლეობის წინაშე, რომ აუხსნას, რატომ იყენებს ბირთვულ იარაღს. რუსეთს არ გაუჭირდა მოსახლეობის მხარდაჭერა ეგრძნო უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისას, და ასევე მოსალოდნელია, რომ მთავრობა არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის წინაშე ბირთვული იარაღის გამოყენებისასაც.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი პატივს სულაც არ სცემს წერილობით ხელშელკრულებებს და, მით უმეტეს, სტრატეგიულ დოკუმენტებს, ალბათ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა პირდაპირ მიმართულია დასავლეთის ქვეყნების დაშინებისა და შეკავებისკენ, რადგან იარაღის გამოყენების მიზეზების ახსნა რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობისათვის სულაც არ სჭირდება.
ბირთვული იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე იწვევს შიშს და საჭიროებს დასავლეთის მხრიდან სერიოზული რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. ზიანი, რომელიც ბირთვულმა იარაღმა შეიძლება გამოიწვიოს სცდება ერთი ქვეყნისა თუ რეგიონის საზღვრებს და ზოგადად , ძალიან დიდი და საშინელია. ამიტომ, ბირთვული შეკავება ფუნდამენტურად არის თავდაცვითი სტრატეგია - შეუძლია შეაჩეროს თავდასხმა ან ომის შემდგომი ესკალაცია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცივი ომის დაპირისპირების შემთხვევებში შეკავების თეორიამ არაერთხელ გაამართლა. ამჯერად, რუსეთი ცდილობს თავისი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ დააკავშიროს თავდაცვით მიზნებთან.
რუსეთის პოლიტიკის აღნიშნულმა მიდგომებმა, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა და შეზღუდა დასავლეთის არჩევანი 2008 წლის საქართველოს ომთან დაკავშირებით. სასურველია, რომ დასავლეთის ლიდერების გადაწყვეტილებებზე ნაკლებად იმოქმედოს იგივე შეზღუდვებმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, არის გაერთიანებული უკრაინის მხარდასაჭერად და გმობს რუსეთის აგრესიას: ნატოს წევრი ქვეყნები აწვდიან უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალას, ტყვიაგაუმტარ ჟილეტებსა თუ ჩაფხუტებს და უსაფრთხო კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს და ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს. ამ მხარდაჭერამ უდიდესი როლი ითამაშა რუსული ძალებისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიყენებაში, თუმცა უკრაინელები დასავლეთისგან უფრო დიდ სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვენ, მათ შორის, უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვას, რუსეთის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედებას. ამიტომ, ნატოს ქვეყნებს სჭირდებათ, მკვეთრად გაზარდონ უკრაინაში იარაღის, მათ შორის მოწინავე შეიარაღების სისტემების მიწოდება, პარალელურად მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესონ რუსეთს, რაც ტოვებს იმედს, რომ შეასუსტებს რუსეთის სურვილს ბირთული იარაღის გამოყენებაზე და საერთაშორისო ფინანსური და სავაჭრო სისტემიდან უფრო მეტად იზოლირებაზე.
3. აქვს თუ არა უკრაინას ბირთვული სამხედრო პროგრამის განხორციელების პოტენციალი?
დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები, პოლიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ბრალდებები უკრაინის მიერ ბირთვული პროგრამების განხორციელების შესახებ საფუძველს არის მოკლებული. თანაც, უკრაინას არ გააჩნია ბომბისთვის საჭირო ბირთვული მასალა ან მისი წარმოებისთვის საჭირო ობიექტები. მის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი გამდიდრებული ურანი (HEU), რომელიც არსებობდა უკრაინაში კვლევით და სასწავლო ობიექტებში, მათ შორის ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ერთიანად იყო გატანილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პროცესის ფარგლებში, 2010-2016 წწ. უკრაინას აქვს ურანის საბადოები, მაგრამ არ აქვს გამამდიდრებელი ქარხანა, და ამგვარი საწარმოების აშენებას წლები და დიდი ხარჯები დასჭირდება.
ბომბის დამზადების ალტერნატიული გზა დაფუძნებულია პლუტონიუმის დაგროვებაზე. უკრაინის ატომური ენერგეტიკული რეაქტორებიდან დახარჯულ საწვავში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა პლუტონიუმი, მაგრამ მის ბომბში გამოსაყენებლად უკრაინას ასევე დასჭირდება "გადამუშავების" ქარხანა, რათა ქიმიურად გამოყოს სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმი.
დასავლეთის ექსპერტების აზრით, უკრაინას რომც ჰქონოდა საჭირო ბირთვული მასალა, მისი ბირთვულ იარაღად გარდაქმნა ადვილი არ იქნებოდა. ბირთვული იარაღის შექმნა მოითხოვს სპეციალიზებულ გამოცდილებას. უკრაინას ჰყავს მრავალი ექსპერტი სამოქალაქო ბირთვულ საკითხებში, მაგრამ საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში უკრაინის მონაწილეობიდან 30 წლის შემდეგ, იარაღის მრავალი ექსპერტი აღარ არის ხელმისაწვდომი. ამასთან, დამკვირვებლების აზრით, დღეს უკრაინას აქვს მოკრძალებული გამოცდილება ბირთვული იარაღის დიზაინსა და წარმოებაში ჩართული მრავალ სპეციალიზებულ ტექნოლოგიაში.
უკრაინას ასევე აქვს მემკვიდრეობითი საბჭოთა ინდუსტრიები, რომლებსაც შეუძლიათ შეიმუშაონ და აწარმოონ იარაღის მიწოდების სისტემები - როგორც თვითმფრინავები, ისე რაკეტები. მაგალითად, ანტონოვის საპროექტო ბიურო და თვითმფრინავების მწარმოებელი; ქალაქ დნიპროში მდებარეობს Pivdenne Design Bureau, Pivdenmash, ოდესღაც ყველაზე დიდი სარაკეტო ქარხანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების წარმოება. Kyiv's Luch არის მართვადი სარაკეტო სისტემების დიზაინერი და მწარმოებელი. თუმცა, დღეს უკრაინას არ გააჩნია რაკეტები ან თვითმფრინავები, რომლებიც შექმნილია ბირთვული იარაღის გადასატანად. დნიპროს სარაკეტო ქარხანა სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკვე აღარ აწარმოებს რაკეტებს, არამედ კოსმოსური დანიშნულების პროექტებში გამოსაყენებელ პროდუქციას ამზადებს.
ექპერტების აზრით, საკმარისი მოტივაციის, ინვესტიციების, დროისა და გამძლეობის შემთხვევაში უკრაინას შეუძლია ბირთვული იარაღის პროგრამის შექმნა. მაგრამ ეს შეიძლება გააკეთოს მსოფლიოს სხვა განვითარებულმა ათობით ქვეყანამ. საუკეთესო ვითარებაშიც კი, ასეთ წამოწყებას წლები დასჭირდებოდა განსახორციელებლად და, სავარაუდოდ, საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო უკრაინას შეაჩერებდნენ მანამ, სანამ წარმატებას მიაღწევდა. შესაბამისად, რუსეთის მუქარა ყოველ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც უკრაინის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ ომს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთანი მკაცრი პასუხი მოჰყვა.
4. რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია როგორც ბრძოლის იარაღი
სულ რაღაც სამი თვის წინ, 2022 წლის 3 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა (P5), მათ შორის რუსეთმაც, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები უპირველეს პასუხისმგებლობად განიხილავენ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის თავიდან აცილებას და სტრატეგიული რისკების შემცირებას. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს. ასევე, დოკუმენტში ნათლად იყო ხაზგასმული, რომ ბირთვული იარაღი უნდა მოემსახუროს მხოლოდ თავდაცვით მიზნებს, აგრესიის შეკავებას და ომის პრევენციას.
თუმცა, უკვე ერთი თვის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობა ღიად საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, თუ ნატო (მათ შორის წევრი ბირთვული სახელმწიფოები) ჩაერევა რუსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინაში. ამ მუქარამ გადააფასა არა მხოლოდ რუსეთის ხელმოწერა P5 დოკუმენტში, არამედ მთელი დოკუმენტი. საპასუხოდ, უკრაინაში წარმოებული ომის გამო და იმის გამო, რომ რუსეთი, როგორც ბირთვული ქვეყანა, თავისი მიზნების მიღწევას ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს ყოვლისმომცველი სანქციები, რომლის ფარგლებშიც ხდება რუსეთის იზოლირება საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ფინანსური სისტემისგან.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს თავისი სამხედრო ოპერაცია და ბირთვული მუქარა სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეებით და უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის სავარაუდო შექმნის რისკის მოტივით, მიუხედავად იმისა, რომ არავინ, მათ შორის რუსეთში, ადრე არ საუბრობდა ასეთ რისკზე. ამ მიზეზით, რუსეთის მოქმედება საეჭვო პრეცედენტს ქმნის, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის თემა, ერაყის ოპერაციის შემდეგ, შეიძლება კიდევ იყოს გამოყენებულ სამხედრო ინტერვენციების საბაბად. ზოგიერთი საერთაშორისო კომენტატორის აზრით, ასეთ პირობებში მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის სხვა მიზეზებიც მოიგონოს, შექმნას დეზინფორმაციული კამპანია და სცადოს დააჯეროს ამაში საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ბრალდებები დაიჯეროს სხვა ბირთვულმა ქვეყნებმა, რადგან მათ არასოდეს გაუზიარებიათ რუსეთის პოზიცია და არ დაუჭერიათ მხარი მისი განცხადებებისათვის საერთაშორისო ინსტიტუტებში.
მაგალითად, 2022 წლის მარტში, რუსეთის მთავრობამ წამოიწყო კიდევ ერთი დეზინფორმაციის კამპანია, ამჯერად ბირთვული იარაღისა და რადიაციული საბრძოლო მასალის გარშემო. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა ემზადებოდა რადიოაქტიური მასალებისგან შემდგარი „ბინძური ბომბების“ დასამზადებლად, რომლებიც მიმოფანტული იქნებოდა მაღალი ფეთქებადი ნივთიერებებით, და რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მიაწოდოს პლუტონიუმი უკრაინას, სადაც შესაძლებელია ბირთვული იარაღის დამზადება.
ასევე, რუსეთის ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ ეხება ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობასაც. ერთის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინას ჰქონდა ბიოლოგიური იარაღის პროგრამა, როგორც შესაძლო გამართლება საკუთარი ბიოლოგიური ან ქიმიური თავდასხმების განხორციელებისთვის და მეორე მხრივ, რუსეთი ადანაშაულებს კიევს, მტკიცებულებების გარეშე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური თავდასხმის დაგეგმვაში, რათა დაადანაშაულოს მოსკოვი ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ამ ყალბი ბრალდებებით რუსეთის მთავრობა უგულებელყოფს ვალდებულებებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT, 191 წევრი სახელმწიფო) ასევე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებების შესრულების მიმართ (BWC-სა და CWC), რაც აზიანებს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმების მოქმედებას და ნულოვან ნიშნულზე დაჰყავს რუსეთის, როგორც საერთაშორისო პარტნიორის, მიმართ ნდობა.
საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, 16 მარტს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ესაუბრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გააფრთხილა იგი "რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ".
გამოყენებული წყაროები:
Ashford E. and Kroenig M. (2022, March, 11). Would Putin Use Nuclear Weapons? Foreign Policy. https://foreignpolicy.com/2022/03/11/putin-russia-nuclear-weapons-ukraine-war-no-fly-zone
Holloway D.(2022, March, 10). Russia’s nuclear weapon use policy. Bulletin of the Atomic Scientists. https://thebulletin.org/2022/03/read-the-fine-print-russias-nuclear-weapon-use-policy
Sokov N. (2022, March, 8). Russian military doctrine calls a limited nuclear strike “de-escalation. Bulletin of the Atomic Scientists. https://thebulletin.org/2022/03/russian-military-doctrine-calls-a-limited-nuclear-strike-de-escalation-heres-why/
Mariana Budjeryn M., Bunn M. (2022, March, 9) Ukraine building a nuclear bomb? Dangerous nonsense. Bulletin of the Atomic Scientists.https://thebulletin.org/2022/03/ukraine-building-a-nuclear-bomb-dangerous-nonsense/?utm_source=Newsletter&utm_medium=Email&utm_campaign=ThursdayNewsletter03102022&utm_content=NuclearRisk_UkraineBuildingANuclearBomb_03092022
Joint Statement of the Leaders of the Five Nuclear-Weapon States on Preventing Nuclear War and Avoiding Arms Races, (2022, January, 03) https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2022/01/03/p5-statement-on-preventing-nuclear-war-and-avoiding-arms-races/?fbclid=IwAR1TXSKclQrJ4n85VJl-nmSWrwtFGfIZb4gSH1EpTuwRJNyJEsCPoL7Wz0M