Russian sanctions – navigating the new UK and EU measures.
Available at: https://gowlingwlg.com/en/insights-resources/articles/2022/navigating-russian-sanctions/
შესავალი
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, 30-ზე მეტ მოკავშირესა და პარტნიორისგან შემდგარ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, რუსეთს დაუწესა ყოვლისმომცველი სანქციები, მათ შორის გაამკაცრა ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური ზომები. სანქციების მიზანი იყო, რუსეთისათვის გართულებულიყო კაპიტალის, მასალების, ტექნოლოგიებისა და სხვა მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც მას სჭირდება აგრესიული ომის საწარმოებლად.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, სატრანსპორტო პოტენციალი და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა მას რუსეთის საგარეო სავაჭრო ოპერაციებისთვის მიმზიდველ სამიზნედ ხდის. თუმცა, საქართველოსთვის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - 2008 წელს ის თავად გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, და დაკავებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული. ამ პირობებში საქართველოსათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა ქვეყანაში დემოკრატიის, სტაბილური პოლიტიკური სისტემის გაძლიერება, ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის გზით თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, საერთაშორისო თანამშრომლობა, პარტნიორების მხრიდან აქტიური მხარდაჭერის მოპოვება და უსაფრთხოების გარანტიების მიღება.
არსებული გარემოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და მხარი დაუჭიროს აშშ-ს, ევროკავშირის და კოალიციის სხვა წევრების ძალისხმევას, დაასუსტონ უკრაინასთან ომში რუსული არმია. საქართველოს მთავრობა, ასევე, უნდა მოერიდოს ურთიერთობების გართულებას თავის მთავარ პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და G7 ქვეყნები პირობას დებენ, რომ მკაცრად უპასუხებენ იმ ქვეყნების მოქმედებას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში და არღვევენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
წარმოდგენილი მიმოხილვა ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ. დოკუმენტში შეფასებულია ქვეყნის წინაშე დღეს არსებული მწვავე გამოწვევები და ის საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვის ეფექტიანი შესრულებით.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ახალი 2023 თებერვლის პაკეტის შესახებ
სანქციების დაწესება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი რიგი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა ქვეყნის იძულება, შეცვალოს პოლიტიკა ან ქცევა, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ დღის წესრიგს, ან დასაჯოს ქვეყანა საერთაშორისო ნორმებისა და კანონების დარღვევისთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში სანქციების გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამიზნე ქვეყნის ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებაზე, შეზღუდოს მისი ხელმისაწვდომობა სასიცოცხლო რესურსებზე, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაჭირვება და უარყოფითად იმოქმედოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, განსაკუთრებით სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ან სადაც მთავრობა რეპრესიულია.
სანქციების გვერდის ავლის მიზნით სამიზნე ქვეყანა შეიძლება შეეცადოს უკანონო ვაჭრობის, შავი ბაზრის საქმიანობის მხარდაჭერას. სანქციებმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, როგორიცაა ახალი ალიანსების გაჩენა ან კონფლიქტის ესკალაცია.
ამიტომ, საერთო ჯამში, საერთაშორისო ურთიერთობებში, სანქციები შეიძლება იყოს მძლავრი ინსტრუმენტი გარკვეული მიზნების მისაღწევად. მათ, ასევე, შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები სამიზნე ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის და შეიძლება წააახალისონ უკანონო ვაჭრობა საერთაშორისო მასშტაბით და საერთაშორისო კრიმინალური ქსელის საქმიანობა შავ ბაზარზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში, აშშ-მ და მისი მოკავშირეებმა სწრაფად დააწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და მის ძირითად კერძო ბანკებზე, გაყინეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული რეზერვები და გათიშეს აღნიშნული ბანკები გლობალური ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან, როგორიცაა SWIFT. დღეისათვის, რუსეთის საბანკო სექტორის აქტივების 80%-ზე მეტი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მათ შორის რუსეთის მფლობელობაში მყოფი 10 საუკეთესო ბანკი [2].
ამასთან, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 2500-ზე მეტ რუსულ კომპანიას და ფიზიკურ პირს; მათ შორის სანქცირებულია პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საბიუჯეტო შემოსავლების მომტანი სექტორების მმართველები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდამჭერები (600-მდე); ასევე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (450) და ფედერაციის საბჭოს (170) ყველა წევრი, 47 რუსი გუბერნატორი; სანქციების ქვეშაა მოხვედრილი 115 საზღვაო გემი და 19 თვითმფრინავი [2].
2022 წლის ბოლოს აშშ-ს და მისი პარტნიორების მიერ რუსული ნავთობის ფასისთვის ლიმიტის დაწესებამ დარტყმა მიაყენა რუსეთის შემოსავლებს. ნავთობისა და გაზის შემოსავალი 2023 იანვარში 46%-ით შემცირდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით და რუსეთს 25 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტი დაუტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სანქციებმა და ექსპორტის კონტროლზე დაწესებულმა ზომებმა შეზღუდა რუსეთის სამხედრო წარმოების შესაძლებლობები და მისთვის აუცილებელი ტექნოლოგიურ კომპონენტებზე წვდომა, სანქციებმა რუსეთი დასუსტებული, მაგრამ არა სრულად ბრძოლისუუნარო დატოვა. წელს რუსეთის ეკონომიკა მშპ-ს პროგნოზირებული ორნიშნა ვარდნის ნაცვლად, დაახლოებით 3%-ით შემცირდა; ასევე, თავდაპირველი ვარდნის შემდეგ რუსეთის ვალუტა დასტაბილურდა [6]. 2022 წლის მონაცემებით, ამის შესაძლებლობა რუსეთს აღმოაჩნდა იმ ქვეყნების მხარდაჭერით, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ მას საბრძოლო მანქანის შენარჩუნებაში.
სანქციების აღსრულების გასამკაცრებლად 2023 წლის 24 თებერვალს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ეხება 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, როგორც რუსეთის, ასევე მესამე ქვეყნებში მოქმედ აქტორებს, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს და მხარს უჭერენ რუსეთის ომის ძალისხმევას. ეს სანქციები აშშ-მ დააწესა G7-ის პარტნიორებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი განსაკუთრებულ ზომებს გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთის სანქციების თავიდან აცილების მცდელობებში იქნება შემჩნეული, მაგალითად ჩინეთი, ასევე მოკავშირეები და პარტნიორები, როგორიცაა თურქეთი, სომხეთი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.[2]
ეს განცხადება გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებას სანქციების პოლიტიკის განხორციელებაში: სანქციების დასაწყისში, პირველი წლის მანძილზე აშშ ფოკუსირებული იყო მისი პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკის აშშ-ს სანქციების პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე ტექნიკური დახმარებისა და დიპლომატიის დახმარებით. ადმინისტრაცია ახლა გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს ცალკეულ კომპანიებზე და დაწესებული სანქციების ეფექტურ აღსრულებაზე.
2023 წლის 24 თებერვალს აშშ სახაზინო დეპარტამენტის მიერ მიღებული ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ მიზნად ისახავს გასული წლის მანძილზე დაწესებული სანქციების შესრულებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას - ეხება რუსეთის ლითონისა და მომპოვებელი მრეწველობის სექტორს, სხვა საკვანძო შემოსავლის მომტან სექტორებს, მის ფინანსურ ინსტიტუტებს, სამხედრო მიწოდების ჯაჭვს და მთელს მსოფლიოში კერძო პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან მოსკოვს არსებული სანქციების თავიდან აცილებაში [6].
აშშ ხაზინის დეპარტამენტის სანქციების უახლესი ტალღა შეეხო რუსეთის ათზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის აქტივების ღირებულების მიხედვით უმსხვილესი ბანკების ათეულს - მოსკოვის კრედიტ ბანკს და მასთან დაკავშირებულ ქონების მართვის კომპანიებს. სახაზინო დეპარტამენტმა განმარტა, რომ სანქციების ქვეშ მყოფი პირები „იყენებენ პატარა ბანკებს, ისევე როგორც ქონების მართვის ფირმებს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები, რადგან რუსეთი ეძებს ახალ გზებს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომისთვის“.[1]
ამასთან ერთად, 2023 წლის 4 მარტს აშშ ვაჭრობის დეპარტამენტმა მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება ექსპორტის კონტროლის სფეროში, რომლებიც ეხება რუსეთის თავდაცვის სფეროს მომარაგებაში დაკავებულ 90-მდე რუსულ და მესამე ქვეყნების კომპანიებს, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ, თავი აარიდონ სანქციებს ან შემჩნეული არიან იარაღის უკანონო გადაზიდვასა და უკანონო ფინანსურ ოპერაციებში.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დააწესა სანქციები ომში ჩართულ ათობით რუს თანამდებობის პირსა და ერთეულზე და სავიზო შეზღუდვები დაუწესა 1219 რუს სამხედროს, მათ შორის ოფიცრებს, იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ემუქრება ან არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, 2023 წლის 23 მარტს მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მხარდამჭერი კომპანიები და ქვეყნები, ამხილა ისინი სანქციების თავიდან არიდების კონკრეტულ შემთხვევებში და აღნიშნა, რომ დღეს რუსეთს 1000%-ით მეტი ლეპტოპი, აიფონი, სარეცხი მანქანების იმპორტი აქვს მესამე ქვეყნებიდან არა იმიტომ, რომ ეს პროდუქტები სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ გამოიყენონ ამ ტექნიკაში ჩაშენებული ჩიპები ახალი რაკეტების გასაკეთებლად.
ნულანდმა სანქცირებულ კომპანიებს შორის დაასახელა შვეიცარულ-იტალიური მწარმოებელი უოლტერ მორეტი (Walter Moretti ") და მასთან დაკავშირებული ქსელი და კომპანიები შვეიცარიიდან, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან, მალტადან, ბულგარეთიდან და რუსეთიდან. ნულანდის თანახმად, ეს კომპანიები ფარულად ამზადებდნენ სენსიტიურ ტექნოლოგიებს, მათ შორის ჰიდრავლიკურ წნეხებს, შეიარაღებას, და ჯავშანის ფილებს/მასალებს, ასევე რუსეთის ბირთვული იარაღის ლაბორატორიებისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობებს.
2023 წლის 24 მარტს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ანტონი ბლინკენმა, დაასახელა ის 60 ინდივიდუალური თუ იურიდიული პირი, რომელიც ჩართული იყო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ადმინისტრირებაში რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, და მონაწილეობას იღებდა უკრაინიდან საექსპორტოდ განკუთვნილი ხორბლის დატაცებაში [20].
ასევე, ბლინკენმა სანქცირებულთა შორის დაასახელა ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდა უკრაინის ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურის უკანონო ოკუპაციაში და, შედეგად, ბირთვული ელექტროსადგურისთვის საფრთხის შექმნაში.
გარდა ამისა, დეპარტამენტი ასახელებს სამ ძირითად საწარმოს, რომლებიც ამუშავებენ და მართავენ რუსეთის ბირთვულ იარაღს, ასევე, რუსეთის სამ სამოქალაქო ბირთვულ ობიექტს Rosatom-ის ორგანიზაციული სტრუქტურის ქვეშ. ამით ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ცდილობს გამოააშკარაოს, რომ ბირთვული ენერგეტიკული რესურსების გამოყენებით რუსეთი ცდილობს, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს თავის მომხმარებლებზე გლობალურად [19].
2023 წლის 12 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინის დეპარტამენტმა დააწესეს სანქციები 120-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირზე 20-ზე მეტ ქვეყანაში და იურისდიქციაში სანქციების აცილების ქსელის ხელშემწყობებთან დაკავშირებით. დაზარალებულთა შორის იყვნენ კომპანიები და პირები, რომლებმაც მიაწოდეს სატელიტური სურათები უკრაინაში, ისევე როგორც ისინი, ვინც როსატომთან იყვნენ ასოცირებული [19].
ასევე, ხაზინის დეპარტამენტი მიზნად ისახავს მოსკოვის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის შესუსტებას, ეხება უამრავ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირბადის ბოჭკოების და მასთან დაკავშირებული მასალების წარმოებაში" - მასალების, რომლებიც "გამოიყენება თითქმის ყველა თავდაცვასთან დაკავშირებულ პლატფორმაში, მათ შორის თვითმფრინავებში, სახმელეთო საბრძოლო მანქანებში, ბალისტიკურ რაკეტებსა და სამხედრო პერსონალის დაცვაში. აშშ ასევე აწესებს სანქციებს კომპანიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსურ, ტექნოლოგიურ და ელექტრონიკის სექტორებთან [20].
სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, მიზანში იღებს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს და დეველოპერებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში.
ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დასუსეტებისა და შემოსავლების შემცირების მიზნით აშშ-ს და G7-ის პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი, ზეგავლენა, რაც მკაფიოდ ჩანს რუსეთის იარაღის შესავსებად განხორციელებულ მცდელობებში და მის იზოლირებულ ეკონომიკაში. „ჩვენი დღევანდელი ქმედებები მოწმობს, რომ ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ [20].
ხაზინისა და ვაჭრობის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ბოლო თვეებში აქტიურად თანამშრომლობენ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერ კიდევ არ ამბობენ უარს რუსეთთან თანამშრომლობაზე. გასულ თვეში ფინანსთა მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონი, გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში - აშშ-ს ორ ახლო პარტნიორთან უსაფრთხოების საკითხებზე - აშშ-ს მიერ დაგეგმილი ახალი ზომების განსახილველად.
რუსეთთან საერთაშორისო ვაჭრობის აღდგენის მცდელობები სანქციების გვერდის ავლით
ნიუ იორკ თაიმსში 2023 წლის 31 მარტს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, რუსეთმა იპოვა შემოსავლის ალტერნატიული წყაროები ექსპორტის გაზრდით ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და თურქეთში. ამავე ქვეყნებიდან იმპორტით რუსეთი ასევე ახერხებს, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა ძირითად პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც შეზღუდა აშშ-ს და მისი ინიციატივით შექმნილმა კოალიციამ [6].
როგორც დასავლეთის მედია საშუალებები აღწერენ, 2022 წლის ბოლოსთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მნიშვნელოვნად იმატა სატრანსპორტო სატრანზიტო გადაზიდვვბის მოცულობამ: მაგალითად, სომხეთში მობილური ტელეფონების იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა 2022 წლის ბოლო თვეებში წინა წელთან შედარებით და, ამავე დროს, დაფიქსირდა დიდი რაოდენობით სმარტფონების გადინება „დაჩაგრულ მოკავშირე რუსეთში“ [6].
2022 წლის განმავალობაში აზიის ქვეყნებშიც იყო დაფიქსირებული სარეცხი მანქანების, კომპიუტერის ჩიპებისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა რუსეთის მიმართულებით. ხოლო 2023 წლის სულ ბოლო მონაცემები აჩვენებს ვაჭრობის ზრდას რუსეთის ზოგიერთ მეზობელთან და მოკავშირესთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ჩინეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, ცდილობენ რუსეთს მიაწოდონ მრავალი პროდუქტი, რომლის მიწოდების შეზღუდვასაც ცდილობენ დასავლეთის ქვეყნები მოსკოვის დასასჯელად [6].
დასავლეთის მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ საკონტეინერო გემების უმეტესობამ შეწყვიტა ისეთი საქონლის გადაზიდვა სანკტ-პეტერბურგის პორტში, როგორიცაა ტელეფონები, სარეცხი მანქანები და მანქანის ნაწილები. სამაგიეროდ, ასეთი პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება სატვირთო მანქანებით ან მატარებლებით ბელორუსიიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან. Fesco-მ, რუსულმა სატრანსპორტო ოპერატორმა, დაამატა ახალი გემები და ახალი პორტები თურქეთის მარშრუტზე, რომელსაც გადააქვს რუსული სამრეწველო საქონელი და უცხოური ტექნიკა და ელექტრონიკა ნოვოროსიისკსა და სტამბულს შორის.
დასავლეთის მედიაში წარმოდგენილი ანალიზით, 2023 წლის დასაწყისის მონაცემებით, რუსეთიდან გლობალური ექსპორტის აღდგენა თვალსაჩინოა, თუმცა გაურკვეველია, თუ რამდენად ირღვევა ამ ვაჭრობის ფარგლებში შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციები. ამასთან, არსებული სტატისტიკა საკმაოდ "საეჭვოდ გამოიყურება“, რაც მიანიშნებს, რომ „არსებობს სანქციების თავიდან აცილების გზები”.
ზოგიერთი მონაცემებით, არსებობს ასობით შემთხვევა, როდესაც ადამიანები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდონეზია და მალაიზია, ყიდულობდნენ გემებს, რათა შექმნან რუსეთთან ვაჭრობის ახალი ფორმატი, რომელიც განსხვავებული იქნება დასავლეთიის სავაჭრო ინფრასტრუქტურისაგან. ეს, კი, ცხადია, დაეხმარება რუსეთს, გვერდი.აუაროს დასავლეთის სამართლებრივ შეზღუდვებს.
ტრანსპორტირების აღნიშნული საშუალებებით განზრახულია რუსული ნავთობის ისეთი გემებით გადაზიდვები საერთაშორისო წყლების გავლით, რომლებიც არ არიან რომელიმე ქვეყნის საზღვაო ფლოტის იურისდიქციაში. ასეთი გემები ცდილობენ თავიანთი საქმიანობის შენიღბვას სატელიტური ტრეკერების/მიდევნების სისტემების გამორთვით, რომლებიც იწერენ მათ მდებარეობას ან გადასცემენ ყალბ კოორდინატებს. ამ აქტივობის დიდი ნაწილი ხდებოდა ატლანტის ოკეანის შუაგულში. მაგრამ მედიაში ამ საეჭვო პრაქტიკაის გაშუქების შემდეგ, აღნიშნული რეგიონიდან კერა გადავიდა სამხრეთით, დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან.
მედიაში [6] ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, აშშ სანქციების ფარგლებში რუსეთის ნავთობის ექსპორტისათვის ფასის ზედა ზღვრის დაწესება, როგორც ჩანს, აღწევს თავის მიზანს. მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, არის თუ არა გემების ეს ჩრდილოვანი ფლოტი საკმარისად დიდი იმისთვის, რომ რუსეთმა შეძლოს დანაკლისის ანაზღაურება და ნავთობის ყიდვა-გაყიდვის უფლების დაბრუნება. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ფლოტი იმდენად დიდია, რომ შეამსუბუქებს რუსეთის სანქციებს, მაშინ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზედა ზღვარი ალბათ არ აღმოჩნდება ისეთი ბერკეტი, როგორიც პოლიტიკოსებს სურდათ.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა და რუსეთის სანქციები
არსებულ რეალობაში საქართველოს წინაშე სერიოზული გამოწვევებია: ერთის მხრივ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო პოტენციალი და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა მას მიმზიდველს ხდის რუსეთის საგარეო სავაჭრო ოპერაციების წარმოებისათვის. მეორეს მხრივ, საქართველოსთვის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს - 2008 წელს ის თავად გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, და დაკავებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული. ამ პირობებში საქართველოსათვის უსაფრთხოების ურუნველყოფის ერთადერთი გზაა ქვეყანაში დემოკრატიის, სტაბილური პოლიტიკური სისტემის გაძლიერება, ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციის გზით თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, საერთაშორისო თანამშრომლობა, პარტნიორების მხრიდან აქტიური მხარდაჭერის მოპოვება და უსაფრთხოების გარანტიების მიღება.
მიუხედავად არსებული კონტექსტისა, აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან სანქციების გამოცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ/მისმა პრემიერ-მინისტრმა მოლოდინების საპირისპიროდ განაცხადა, რომ არ უერთდება აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და არ აპირებს მონაწილეობის მიღებას ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. თუმცა, მოგვიანებით განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა უწყებების (ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) განცხადებებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, ის ვერ გახდებოდა ქვეყანა, რომლის საბაჟო ტერიტორია ან/და ფინანსური ინსტიტუტები საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას შესაძლებელს გახდიდა.
ამის შესახებ გააკეთა განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც; მან 2022 წლის 1 მარტს, France 24-თან ინტერვიუში [15], უფრო გვიან კი, CNN-თან განაცხადა, რომ პრობლემას წარმოადგენდა ხელისუფლების ე.წ. „ლექსიკა“, რაც არ მოდიოდა შესაბამისობაში რეალობასთან. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს თავისი სანქციები აქვს დაწესებული რუსეთთან დაკავშირებით: გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ არის ალიანსში რუსეთთან და აქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ამასთან, საქართველო ევროპული ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებულ სიტუაციაშია – მას არ აქვს დაცვა ნატოს მე-5 მუხლით. ამავე დროს, საქართველო მონაწილეობს ყველა საერთაშორისო საფინანსო სანქციაში, პარტნიორებთან ერთად სოლიდარულია უკრაინის, შეუერთდა და თანასპონსორი იყო ყველა საერთაშორისო ინსტიტუტებში მიღებული რეზოლუციისა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იყო ინიცირებული,
თუმცა, 2023 წლის 11 მარტს, სანქციების დაწესებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და და გვერდის ავლის გზად“ [11].
ფინანსური ისნტიტუტები და სანქციები
საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ადასტურებენ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი, რაც განაპირობებდა საფინანსო სექტორის საერთაშორისო სანქციებთან მიერთების ვალდებულებას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების ამოქმედებიდან მალევე, 2022 წლის 27 თებერვალს, საჯაროდ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას - საქართველოს საბანკო სისტემა თავისთავად არის მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილი და ამ სანქციებს მიერთებულია.
საქართველომ მიიღო მთელი რიგი ზომები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო სანქცირებული ბანკების SWIFT-დან ჩახსნა და შეზღუდულიყო გადარიცხვები [14]:
- საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია რუსეთში გადარიცხოს ფული იმ შემთხვევაში, თუ თავად გადამხდელი ან მიმღები, ან მისი ბანკი არ არის სანქცირებულ პირთა სიაში; იგივე ხდება რუსეთიდან გადმორიცხვის შემთხვევაშიც;
- სანქცირებულ ბანკებში ფულის გადარიცხვის გზა და შესაძლებლობა არ არსებობს;
- განსაზღვრულია ლიმიტები გზავნილებზე და ეს თავად ფულადი გზავნილების სისტემებს აქვს დაწესებული;
- ყველა ტრანზაქცია, რომელიც სრულდება, განსაკუთრებულ შემოწმებას გადის და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს;
- საქართველოში ეს სანქციები თავისთავად შეეხო რუსული VTB ბანკის ფილიალს. მას გადარიცხვები შეეზღუდა და ბანკმა მუშაობა შეწყვიტა. VTB ბანკის კლიენტ ფიზიკურ პირებს, მეანაბრეებსა და მსესხებლებს ახლა „ბაზის ბანკი“ ემსახურება, მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს კი, „ლიბერთი ბანკი“;
- გარდა ამისა, 2022 წლის 29 ივნისს კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცათ მითითება, რომ 4 ივლისიდან რუსეთის ფედერაციიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით განხორციელებული ტრანზაქცია არ უნდა აღემატებოდეს 2000 აშშ დოლარს/ევროს თითოეული გზავნილის შემთხვევაში;
- 2022 წლის 27 ივნისს კომერციული ბანკის ხელმძღვანელებს მიეცათ მითითება, რომ არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირებისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო, ფუნტ სტერლინგი) მიწოდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში;
- დამატებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაასაჯაროვა (IDFI-ს მიაწოდა) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებასთან არსებული მიმოწერის ასლები. მათ შორისაა უკრაინის ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, უკრაინის ეროვნული ბანკთან, უკრაინის უმაღლეს რადასთან არსებული მიმოწერა, რომელიც დაკავშირებულია სანქციების აღსრულების პროცესთან.
ცვლილებები საბაჟო კონტროლის რეგულირების სფეროში
გარდა ფინანსურ სექტორში არსებული სანქციების დაცვისა, საქართველოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა განმარტეს, რომ ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (ექსპორტი, რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს.
2023 წლის 23 მარტს ფინანსთა მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებული განმარტების თანახმად („საპარლამენტო საათის“ დროს) საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების და კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები [9].
ასევე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უკან დაბრუნება, ასევე, შესაბამისი აღრიცხვის მოწმობების შევსება, ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის მიხედვით [14].
ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან განახორციელა არაერთი კომუნიკაცია. საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. ამასთან, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მათ შორის იმპორტის, ექსპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
ამგვარად, საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს, ოფიციალურად მიუერთდეს საერთაშორისო საქნციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ცდილობს არ დაკარგოს პარტნიორების ნდობა და არ დაარღვიოს აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, მით უმეტეს, რომ აშშ სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აპირებენ განსაკუთრებულ ზომები გამოიყენონ იმ სახელმწიფოების მიმართ, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის გამოწვევები
2022 წლის 24 თებერვალიდან რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პერიოდში საქართველოს წინაშე დადგა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის დაცვასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევები და რისკები. სანქციების გვერდის ავლის მცდელობების მიმოხილვა და შესწავლა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს კონკრეტული ზომები, რითაც დაიცავს თავს სანქციების დამრღვევ ქვეყანათა შორის მოხვედრისგან, და დადგეს პარტნიორების გვერდით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უსამართლო ომში.
ოკუპირებული აფხაზეთიდან მომდინარე საფრთხეები
2023 წლის 5 აპრილს რუსეთის მედიაში (გამოცემა SOVA) გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის - გავლით დაიწყო; კერძოდ, სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა, ხოლო სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენება [8]. იმავე წყაროს ცნობით, ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რაც ასევე მოწმობს, რომ ეს სატრანსპორტო გზა პოტენციურად წარმოადგენს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისათვის რუსეთის მიერ შემოთავაზებულ კიდევ ერთი სქემას.
საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს ის, რომ მსგავსი სატრანსპორტო ოპერაციები ვერ განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიიდან,. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს წვდომა და ვერ აკონტროლებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, არ აქვს რუსეთზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თურქეთი არ დარჩეს ამ სქემის მონაწილე, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევასთან ერთად, არაღიარებულ აფხაზეთან უკანონო ვაჭრობას უწყობს ხელს.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას საქართველო ვერ შეძლებს მისი დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ამიტომ აუცილებელია ნათელი და მკვეთრი პოზიციის დაკავება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაცვის მიმართ.
საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების შემთხვევები
2022 წელს საქართველომ რეკორდული - 13.4 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა უცხოეთიდან, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი ღირებულების საქონლის შემომტანთა შორის წამყვან ადგილებს იკავებენ ნავთობიმპორტიორი კომპანიები, ასევე ავტომობილების, ფარმაცევტული ნაწარმის, ელექტროტექნიკისა და სურსათის იმპორტით დაკავებული კომპანიები.
რეიტინგში შემავალი კონკრეტული კომპანიები არა მხოლოდ იმპორტით, არამედ რეექსპორტითაც არიან დაკავებული. მათ შორისაა Caucasian Metals Terminal-იც, რომელიც ფოთის პორტიდან ოპერირებს და სპილენძის მადნების ტრეიდინგით არის დაკავებული. გასულ წელს საქართველომ 775 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნების იმპორტი განახორციელა და უცხოეთში 1 მილიარდის ღირებულების მადნები გაიტანა ექსპორტზე [12].
2023 წლის 23 მარტს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლის მანძილზე საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება არის მიღებული. გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, ზეპირი/წერილობითი მომართვისას კი, უარი ეთქვა 600-ზე მეტ პირს [9].
მისივე თქმით, ქვეყნის საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის არც ერთი შემთხვევა. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
არსებული მაგალითები მოწმობს, რომ მომავალში არ არის გამორიცხული და კვლავაც მოსალოდნელია უკანონო პროდუქციის საბაჟო გამშვები პუნქტებში მოხვედრა, რისთვისაც შესაბამისი უწყებები მზად უნდა იყვნენ. სანქციების დაცვაში შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ასევე ქართული მედია საშუალებები.
სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების რკინიგზით ტრანზიტის შემთხვევა საქართველოს გავლით
2023 წლის 26 მარტს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, სადაც სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება.
ამ განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ 2023 წლის 25 მარტს მომზადებულ სიუჟეტს და განმარტავს, რომ ბრალდება, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ, არის დეზინფორმაცია და რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება.
2022 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭომ (Council of the European Union) მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს საზღვაო გზით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, იმპორტს ან გადატანას რუსეთიდან ევროკავშირში. შეზღუდვები ვრცელდება 2022 წლის 5 დეკემბრიდან ნედლ ნავთობზე და 2023 წლის 5 თებერვლიდან - სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებზე. აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებასთან ერთად, სანქციების მეცხრე პაკეტით, ევროკავშირმა - დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, დაამტკიცა ზღვრული ფასები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნედლ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. აკრძალვის მიზანს წარმოადგენს: გლობალურ ბაზარზე ზღვით რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების შენარჩუნება, ასევე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის აღკვეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების მკვეთრად შემცირება.
ქართულ მედიაში გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატანაზე მოქმედი აკრძალვა ეხება რუსული ნავთობროდუქტების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნებში, თუ აღნიშნული შეძენილია ნავთობის ფასის ზღვარზე ან ზემოთ. აკრძალვა არ ვრცელდება, თუ რუსული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები გადაადგილდება არასაზღვაო გზით (სარკინიგზო გზით) ან შეძენილია ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზღვრული ფასის ქვემოთ.
შემოსავლების სამსახურმა გადაამოწმა მედიაში გაშუქებული ინფორმაცია კომპანია ,,ზედე ოილი“ -ის ტვირთზე და მის მფლობელებზე და დაადასტურა, რომ სანქციები მათზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი, კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა იმპორტის პროცედურაში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და რუსეთის როლი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ 2022 წლის ბოლო გამოაქვეყნა 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზი [13]. კვლევა კარგ საფუძველს იძლევა, რომ შეფასდეს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოს მცდელობებზე, მხარი დაუჭიროს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოსათვის რუსეთი მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ხდება თურქეთის შემდეგ (მესამე ჩინეთია).
როგორც გავრცელებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საქართველოს ექსპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების გაყვანის ზრდამ განაპირობა, რაც რეალურად რეექსპორტია. 2021 წელს 17,260 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან რუსეთში, ხოლო 2022 წელს - 75,620 მლნ აშშ დოლარის, რაც 4.4 ჯერ ზრდაა [13]. თუმცა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ავტომობილების რეექპორტის ზრდა სხვა ქვეყნებშიც დადასტურდა: აზერბაიჯანში -17%-ით ზრდა, უკრაინაში - 69%, არაბთა გაერთიანებული საემიროებში - 37%, ტაჯიკეთში - 60%. ამასთან, ავტომობილებით ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ყაზახეთში და ყირგიზეთში - 2.3 ჯერ, ხოლო სომხეთში --18 ჯერ , ბელარუსში - 59-ჯერ[14].
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან იმპორტი ყველაზე მაღალი - თითქმის 4,6-ჯერ - ზრდა (622,747 მლნ აშშ დოლარის) ნავთობპროდუქტებს (საავტომობილო საწვავის) შეეხო. რუსულმა საწვავმა ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი ჩაანაცვლა [13].
სულ ჯამში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ზოგადად, საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავტომობილო საწვავის და ქვანახშირის იმპორტის ზრდის გამო.
ამასთან ერთად, საინტერესოა რუსული კომპანიების საქმიანობის ტენდენციები საქართველოში 2022 წელს. საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს საქართველოში მეტწილად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.
2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება, ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. 2022 წლის მარტ-სექტემბერში დარეგისტრირდა იმაზე 10-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში. თუმცა, მიმდინარე წლის მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა, ანუ ერთი ადამიანია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევააში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ “ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული”.
სანქცირებული ტვირთის გადაადგილების იდენტიფიცირება:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე მიღებული მონაცემები საფუძველს იძლევა მეტ-ნაკლებად დახასიათდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებაში [14].
ინსტიტუტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია.
ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ 2022 წლის 25 თებერვლიდან 10 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთები - გაბრუნების ყველაზე მეტი (115) შემთხვევა ივლისის თვეში დაფიქსირდა.
სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, სანქცირებული ტვირთის (ან სანქცირებული პირის ტვირთის) გამომგზავნი ქვეყანა ყველაზე ხშირად იყო თურქეთი (39%) და სომხეთი (35%). 15 შემთხვევაში (7%) ტვირთის გამომგზავნ ქვეყნად მითითებულია საქართველო.
ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე მიღებული ინფორმაციით ხშირია შემთხვევები, როდესაც ტვირთის აღრიცხვის ბარათზე საქონლის კოდი არ არის მითითებული (50 შემთხვევა, ხოლო საქონელი რომ სანქცირებულია, სიტყვიერად მითითებულია 71 შემთხვევაში.
ამასთან ერთად, აღნიშვნის ღირსია, რომ ცალკეული პასუხისმგებელი უწყებები არ ასაჯაროებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მაგალითად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საერთოდ არ გასცა სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. საქართველოს ნავსადგურებში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების გამოჩენასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახური განმარტავდა, რომ მათი სამსახური საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ როგორც გემების, ისე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი, იყო სანქციების სიაში - მას არ ეძლეოდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის და საბაჟო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს საზღვარზე გადასაადგილებლად განკუთვნილ და დასანქცირებულ ტვირთს შორის განსაკუთრებით ნიშანდობლივია შემდეგი პროდუქცია:
2022 წლის 29 ივლისს საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან უკან გარუნდა რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული სანქცირებული ტვირთი - დრონები.
56 შემთხვევაში უკან გაბრუნდა - დანადგარები და მექანიკური მოწყობილობებს მიკუთვნებული საქონელი - მათ შორის სანქცირებული ტვირთი - თბოგადამცემები, რომლებიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციისთვის, აღნიშნული საქონელი საჭიროებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სხვადასხვა ნებართვებს. ერთ-ერთი შემთხვევაში ტვირთის გამომგზავნ ქვეყანაში მითითებულია იტალია, ხოლო დანიშნულების ქვეყანაში - რუსეთი.
საკმაოდ ხშირად, 25 შემთხვევაში, უკან გაბრუნებულ ტვირთს შორის არის აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვეში რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 268%-ით გაიზარდა. მათ, შორის 22 შემთხვევაში ტვირთის გამომგზავნ ქვეყანაში მითითებულია სომხეთი, საიდანაც ტვირთი მიემართებოდა რუსეთის დანიშნულებით. დოკუმენტებში მითითებულია ავტომობილის მოდელი, სატრანსპორტო საშუალების სახეობა ან ვინ-კოდი. უკან გაბრუნებულ სატრანსპორტოს საშულებებს შორის სახელმწიფო უწყების მიერ გაზიარებულ დოკუმენტაციაში იდენტიფიცირებულია 5 ავტომანქანა, მათ შორის, 2020 წელს გამოშვებული TOYOTA GR SUPRA, FORD MUSTANG და სხვა.
დასკვნა
2023 წლის 24 თებერვალს აშშ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ „შესაბამისობის შენიშვნაში“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევ ქვეყნებს შორის მოხსენიებულია ჩინეთი, სომხეთი, თურქეთი, უზბეკეთი და გაერთიანებული არაბთა ემირატები[1]. საქართველო არ მოხვდა ამ ქვეყნების ჩამონათვალში, თუმცა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბოლო წლის ტენდენციების მიმოხილვით ნათელი ხდება, თუ როგორი მსგავსი გამოწვევები აქვს ქვეყანას და რამდენად ყურადღებით უნდა იყოს შესაბამისი უწყებები, რომ აშშ სანქციების დამრღვევ ქვეყნების რიცხვს არ მიუერთდეს.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევთა მიმართ აშშ ადმინისტრაციის მიერ 2023 წლის 24 თებერვალს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილების გამოქვეყნების პარალელურად, ქართულ მედიაში ვრცელდება ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგნელების განცხადებები, სადაც დადასტურებულია საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვის ვალდებულება და უარყოფილია საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესაძლებლობა.
თუმცა, საერთაშორისო მედიაში განხილული მაგალითები და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კლევევის შედეგები მოწმობს, რომ სანქციების დამრღვევ ქვეყნებში საგარეო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე ტენდენციები მსგავსია საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკის. თანაც 2022 წლის თებერვალ-სექტემბერში გამოვლენილი და აღკვეთილია საქართველოს საზღვარზე სანქცირებული ტვირთების ტრანზიტით გადაზიდვის შემთხვევები. ამიტომ მიმდინარე 2023 წელსაც მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება საქართველოს გავლით სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის მცდელობები, რადგან საქართველოს არცერთი მეზობელი, რომელთანაც სახმელეთო საზღვარი აქვს, არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ასევე, დასავლეთის პრესაში არაერთხელ იყო გახმაურებული რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გადაზიდვის მცდელობები თურქეთის გავლით შავი ზღვის პორტებიდან. ამიტომ საქართველომ დროულად უნდა გააძლიეროს შესაბამისი უწყებები პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატში, რომ ეფექტურად აღკვეთოს უკანონო ტვირთების მიერ ქვეყნის საზღვრის კვეთა.
განასკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა დროულად აღმოაჩინოს ე.წ. „წითელი დროშები“, რაც შეიძლება მიუთითებდეს სანქციების ან ექსპორტის კონტროლის თავიდან არიდების განზრახვაზე [1].
გამოყენებული წყაროები:
[1] Department of Commerce, Department of the Treasury, and Department of Justice Tri‐Seal Compliance Note: Cracking Down on Third‐Party Intermediaries Used to Evade Russia‐Related Sanctions and Export Controls. 02 March 2023. Available at: https://www.justice.gov/file/1571336/download?utm_medium=email&utm_source=govdelivery
[2] FACT SHEET: Disrupting and Degrading – One Year of U.S. Sanctions on Russia and Its Enablers, 24 February 2023.Available at: https://home.treasury.gov/news/press-releases/jy1298
[3] US Treasury takes 'one of its most significant sanctions actions to date' on anniversary of Russia's war against Ukraine, By Jennifer Hansler, CNN, February 24, 2023. Available at: https://edition.cnn.com/2023/02/24/politics/us-treasury-sanctions-russia-ukraine-war?fbclid=IwAR2ro2Ew2fEdQTPXSLiOuOMnXjO__umm8ZZxtw2bWAtpP8wQiUtq6WAi8os
[4] US-led sanctions campaign weakened Russia's economy in first year of Ukraine war. Year 2 is about sealing the cracks. CNN Expansion DC - November 2021, Jeremy Diamond and Sam Fossum, February 24, 2023. Available at: https://edition.cnn.com/2023/02/24/politics/sanctions-russia-ukraine-us-biden-putin?fbclid=IwAR2DYGnp09GvBsPfeMiWcatXo6Cxzs-dWN_IO9VNWPKaqgk0ga8ODS-7qQg
[5] US Warns About Increasing Use of Intermediaries to Evade Russia Sanctions, By Masood Farivar in Voice of America, 03. 06, 2023, Available at: https://www.voanews.com/a/us-warns-about-increasing-use-of-intermediaries-to-evade-russia-sanctions/6992824.html
[6] Russia Sidesteps Western Punishments, With Help From Friends , By Ana Swanson, The New York Times. Jan. 31, 2023. Available at: https://www.nytimes.com/2023/01/31/business/economy/russia-sanctions-trade-china-turkey.html?smid=nytcore-ios-share&referringSource=articleShare&fbclid=IwAR1USUzqdePi5q_boUY9s_aVsqZ8UEN_oUBYOIsnAnhgYnpCtO-SHc1xQjE
[7] New US sanctions for Russia on war anniversary, 24.02.2023. BBC News. Available at: https://www.bbc.com/news/world-us-canada-64756425
[8] ინტერპრესნიუსი, 05.04.2023. Available at: https://www.interpressnews.ge/ka/article/751288-rusetma-okupirebuli-apxazetis-gavlit-turketistvis-tvirtis-micodeba-daicqo
[10] ინტერპრესნიუსი, 26.03. 2023. Available at: https://www.interpressnews.ge/ka/article/749993-shemosavlebis-samsaxuri-inpormacia-rom-sakartveloshi-sankcirebuli-rusuli-navtobi-rkinigzit-shemoakvt-aris-sruli-sicrue-sakartvelo-mtkiced-icavs-saertashoriso-sankciebis-agsrulebis-procedurebs
[11] საქართველოს თავისი სანქციები აქვს დაწესებული – ზურაბიშვილი რუსეთზე, ნეტგაზეთი, 16.03.2022, Available at: https://netgazeti.ge/news/600059/
[12] business Media Georgia,17.02.2023. Available at: https://bm.ge/ka/article/saqartvelos-umsxvilesi-importiori-kompaniebis-reitingi/127244
[13] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა. Available at: https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-ekonomikuri-damokidebuleba-rusetze-ruset-ukrainis-omis-gavlena-0
[14] რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI 07.11.2022. Available at: https://idfi.ge/ge/georgias_implementation_of_the_international_sanctions_imposed_against_russia
[15] The Interview. Ukraine: 'Nobody is adding to the escalation except Putin,' says Georgia's Zurabishvili, France 24, 01.03.2022. Available at: https://www.france24.com/en/tv-shows/the-interview/20220301-ukraine-nobody-is-adding-to-the-escalation-except-putin-says-georgia-s-zurabishvili
[16] საქართველოს საგარეო ვაჭრობა. საქართველოს სტატი სტიკის ეროვნული სამსახური. 13.01.2023. Available at: www.geostat.ge
[17] ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე). საქართველოს სტატისტი კის ეროვნული სამსახური. 20.01.2023. Available at: www.geostat.ge
[18] საქართველოს საგარეო ვაჭრობა (ექსპრეს მონაცემები). საქართველოს სტატი სტიკის ეროვნული სამსახური. 20.01.2023.Available at: www.geostat.ge
[19] Further Curbing Russia’s Efforts to Evade Sanctions and Perpetuate its War Against Ukraine, Press Statement, Antony J. Blinken, Secretary of State, April 12, 2023. Available at: https://www.state.gov/further-curbing-russias-efforts-to-evade-sanctions-and-perpetuate-its-war-against-ukraine/
[20] Targeting Key Sectors, Evasion Efforts, and Military Supplies, Treasury Expands and Intensifies Sanctions Against Russia, US DOS, PRESS RELEASES, 24 February 2023. Available at: https://home.treasury.gov/news/press-releases/jy1296