Ukraine war26

2024 წლის 11 იანვარს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ უკრაინის ნებისმიერი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რაკეტების გამშვებ ობიექტებზე აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ მოწოდებული შორი მანძილის იარაღით, ზრდის მოსკოვის ბირთვული პასუხის რისკს. მედვედევმა ამის დასტურად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების, 2020 წლის ბირთვული დოქტრინის, მეცხრამეტე პუნქტი მოიყვანა, რომელიც განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას; ეს კონკრეტული მუხლი ეხება შესაძლო ბირთვულ პასუხს ჩვეულებრივი იარაღით შეტევაზე.

რუსეთის მუქარა გულისხმობს აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისათვის გადაცემულ ჩვეულებრივ შეიარაღებას და 2024 წლისთვის დაპირებულ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუდმივად იმუქრებოდნენ რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერები, რამაც ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის საფუძვლები მნიშნელოვნად შეარყია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან ერთად, საერთაშორისო გაუვრცელებლობის რეჟიმის გავლენასა და ეფექტურობაზე სხვა ფაქტორებმაც მოახდინა გავლენა.

მაგალითად, 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ჰამასის დაჯგუფების ისრაელში შეჭრამ და ისარელის მხრიდან სამხედრო პასუხმა გაზარდა ირანთან აშშ-ს, ისრაელის, და სხვა მათი მხარდამჭერი დემოკრატიული სახელმწიფოების კონფრონტაციის რისკი. სიტუაცია გაამწვავა, ასევე, იმ ფაქტმა, რომ პალესტინელების მხარდაჭერის მოტივით 2023 წ ნოემბრის შემდეგ ლიბანში და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფების ქმედებების საპასუხოდ აშშ-მ საჰაერო და საზღვაო შეტევა განახორციელა 2024 წლის 11 და 13 იანვარს. ამან შეიძლება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება გამოიწვიოს, მათ შორის ირანის და მისი მხარდაჭერით მოქმედ შეიარაღებულ ჯგუფებთან დაიწყოს აშშ-ს პირდაპირი კონფლიქტი. თუმცა, საერთაშორისო მედიაში ექსპერტების გამოთქმული აზრის თანახმად, ამ ეტაპზე ირანის მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია არ არის მოსალოდნელი, რადგან ირანი თავისი ინტერესების რეალიზებას ამის გარეშეც აღწევს.

კერძოდ, ირანმა უკვე მოახერხა 2015 წელს დროებით შეჩერებული ბირთვული პროგრამის განახლება.

ობამას ადმინისტრაციის დროს 2015 წ. ირანთან მიღწეული შეთანხმება - JCPOA (ერთობლივი საყოველთაო სამოქმედო გეგმა აშშ, ბრიტანეთის საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის და გერმანიის მონაწილეობით), ფოკუსირებული იყო ერთ მიზანზე: ირანის მიერ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დროის გახანგრძლივება. JCPOA მიზნად ისახავდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. JCPOA შეთანხმებამ გააჩინა იმის იმედი, რომ ირანი შეაჩერებდა ბირთვულ პროგრამას - ურანის გამდიდრებას, საიმედოდ უზრუნველყოფდა უკვე გამდიდრებული ნივთიერებების შენახვას და შეამცირებდა უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის რისკებს. JCPOA ირანს საშუალებას აძლევდა, რომ 2030 წლიდან ეწარმოებინა იმდენი საწვავი, რამდენიც მას მოესურვებოდა.

როგორც მომლაპარაკებებში მონაწილე მხარეები ადასტურებენ, 2015 წლის შეთანხმების მიღების დროს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო შექმნის ვადა ერთ წელზე მეტი იყო. დღეს საფრანგეთის ელჩი გაეროში აცხადებს, რომ ირანს უკვე შეუძლია რამდენიმე კვირაში შექმნას ბირთვული ასაფეთქებელი მასალა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონფიდენციალური ანგარიშების თანახმად, ირანს აქვს საკმარისი ურანი, რომელიც გამდიდრებულია 60 პროცენტამდე. რაც მიახლოებულია იარაღისათვის საჭირო 90%-ზე მეტი გამდიდრების დონეს და საკმარისია სამი ბირთვული ბომბისთვის.

კონფიდენციალურ ანგარიშში IAEA-მ განაცხადა, რომ ირანის სავარაუდო მარაგი 22-ჯერ აღემატება თეირანსა და მსოფლიო ძალებს შორის 2015 წლის შეთანხმებით დადგენილ ლიმიტს. ირანის გამდიდრებული ურანის მთლიანი მარაგი 28 ოქტომბრის მდგომარეობით 4486,8 კგ-ს (9891,7 ფუნტი) შეფასდა, რაც 693,1 კგ-ით (1528 ფუნტი) აღემატება აგვისტოს მაჩვენებელს, ნათქვამია მოხსენებაში. 2015 წლის გარიგებაში დაწესებული ლიმიტი იყო 202.8 კგ (447 ფუნტი).

შექმნილი გარემოებების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 2018 წელს აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებით აშშ-მ ცალმხრივად დატოვა ხელშეკრულება და სანქციები ხელახლა დააწესა ირანის წინააღმდეგ, ხოლო ირანმა საპასუხო მოქმედებით განაახლა ბირთვული პროგრამის განხორციელება.

2023 წ. ბოლოს ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ დღეს აშშ-ს არჩევანი ძალიან შეზღუდულია; ირანი რუსეთს აწვდის იარაღს და ჩინეთს კი - ნავთობს, რის გამოც უშიშროების საბჭოს ორი წევრისგან მყარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ მის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს მხრიდან მკაცრი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ამგვარად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ირანი აღარ აღმოჩნდა იზოლირებული. ის მოულოდნელად ერთგვარ ალიანსშია რუსეთთან და ჩინეთთან, და მოულოდნელად ირანს ორი ზე-სახელმწიფო ჰყავს მოკავშირეებად, რომლებიც, ამავე დროს, სანქციების დამრღვევი ქვეყნებიც არიან.

თავის მხრივ, რუსეთისთვის ირანის დახმარების მასშტაბები მკვეთრად გაფართოვდა - შაჰედის უპილოტო თვითმფრინავების გარდა, ირანი მზადაა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად მცირე რადიუსის რაკეტები გააგზავნოს რუსეთში.

უსაფრთხოებისა და დაცულობის მდგომარეობა ზაპორიჟიის ბირთვულ ელექტროსადგურზე (ZNPP) 2022-2023

უკრაინაში რუსეთს აგრესიის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ზაპორიჟიის ბირთვულ ელექტროსადგურზე (ZNPP) ელექტროენერგიის მიწოდება გარე ელეტრომომარაგების ქსელიდან რვაჯერ შეწყდა. ამ ხნის მანძილზე ელექტროენერგიის შეფერხებული მიწოდება სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა ბირთვულ ელექტროსადგურზე დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვანია რეაქტორზე გაციების სისტემების მუშაობისათვის და სხვა ფუნქციების შესასრულებლად იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეაქტორის ყველა ბლოკი გამორთვის რეჟიმშია, ან უკვე გამორთულია.

ZNPP-ის ტერიტორიაზე მოქმედმა IAEA-ის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მოქმედ სისტემაში ბირთვული დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სარეზერვო ელექტრო ტრანსფორმატორების ფუნქციონირება, რადგან ZNPP-ზე ელექტროენერგიის გარე 750 კილოვოლტი ძაბვის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ობიექტმა უნდა შეინარჩუნოს წვდომა ენერგიაზე ადგილობრივ 330 კილოვოლტ ენერგიის სარეზერვო წყაროს საშუალებით, თანაც ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი გარე ქსელთან მუდმივი კავშირი.

2023 წლის შუა პერიოდიდან, მომარაგების წყაროს მუდმივ რეჟიმში შენარჩუნებას სჭირდებოდა სპეიალისტების ჩარევა, რომ ZNPP-ის ოპერირება გაგრძელებულიყო. მომავალში აუცილებელია, რომ თუ 750 კილოვოლტი გადამრთველი სადგურის ძირითადი ელექტრომომარაგება დაიკარგება, 330 კვოლტიანმა სარეზერვო ხაზმა ავტომატურად შეძლოს ელექტროენერგიის მიწოდება ბირთვული ობიექტისათვის, პერსონალის მხრიდან ჩარევის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზაპორიჟიის ბირთვულ ელექტროსადგურზე გარეშე ელექტროენერგიის მიწოდება უკიდურესად არასტაბილურია.

IAEA-ის ექსპერტების გუნდი 2023 წლის ბოლოს ადასტურებს, რომ მუდმივად ესმის აფეთქებების ხმა ბირთვული ობიექტიდან დაშორებული უბნებიდან. ეს შეშფოთების სერიოზულ საფუძველს ქმნის, რადგანაც ZNPP-ის ექვსი რეაქტორიდან ხუთი რჩება ცივ გამორთვაში, ხოლო მე-4 ბლოკი ცხელ გამორთვას ექვემდებარება, რაც მიზნად ისახავს ორთქლისა და სითბოს წარმოებას, მათ შორის ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარისთვის, სადაც ქარხნის პერსონალის უმეტესობა ცხოვრობს.

IAEA-ის ექსპერტთა გუნდმა ZNPP-ის მონიტორინგის დროს მთელი 2023 წლის მანძილზე ვერ მოიპოვა წვდომა ობიექტის ყველა შემადგენელ ერთეულზე. კერძოდ, ისინი არ შეუშვეს 1, 2 და 6 რეაქტორის დარბაზებში, რომლებიც ცივ გამორთვაში იყო. ამ ერთეულებში მდებარეობს რეაქტორის გული და გამოყენებული საწვავი. ასევე, ექსპერტებს შეეზღუდათ დაშვება 3, 4 და 6 რეაქტორის სპეციფიკურ უბნებში, და IAEA-ის ექსპერტები ჯერ კიდევ ელიან რეაქტორის სახურავებზე წვდომას, რომელიც დაგეგმილი იყო 19 დეკემბერს 2023. IAEA გუნდი კვლავაც ითხოვს წვდომას ამ ერთეულებზე.

2023 წლის 22 დეკემბერს, მე-6 ერთეულის უსაფრთხოების სისტემის ოთახების მონიტორინგის დროს, IAEA-ის ექსპერტებმა დააფიქსირეს ბორის მჟავის დეპოზიტები სარქველებზე, ტუმბოზე და სათავსოების შენობის რამდენიმე ოთახის იატაკზე. ამ ტიპის გაჟონვა შეიძლება მოხდეს ქარხნის ექსპლუატაციის დროს. თუმცა, ასეთი მოვლენა მოითხოვს სათანადო და დროულ ყურადღებას, გამოძიებას და რეაგირებას ოპერატორის მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული უსაფრთხოების შემდგომი და პოტენციურად უფრო სერიოზული შედეგები. გუნდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

IAEA-ის გუნდი, ასევე, ითხოვს ZNPP-ის ადმინისტრაციისგან 2024 წლის ტექნიკური მომსახურების გრაფიკზე შეთანხმებას. ობიექტზე ამჟამად არის ცხრა მობილური ქვაბი, რომელთაგან სულ მცირე რვა ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს დამატებით გათბობას ზამთრის პერიოდში.

რივნეს, ხმელნიცკის, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების და ჩერნობილის ობიექტზე მომუშავე IAEA-ის ექსპერტების თანახმად, ბირთვული დაცულობის და უსაფრთხოების მოთხოვნები შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ IAEA-ის ექსპერტებმა ხმელნიცკის ბირთვული ელექტროსადგურის თავშესაფარს სამჯერ მიმართეს. ამას გარდა, რაკეტებმა და დრონებმა გადაკვეთეს საჰაერო სივრცე, სადაც სამხრეთ უკრაინის ბირთვული ობიექტი მდებარეობს. ასევე, IAEA-ს ექსპერტებს რივნეს NPP-ში აცნობეს, რომ 29 დეკემბერს მართვადი საკრუიზო რაკეტები ბირთვულ ელექტროსადგურთან ახლოს მიფრინდა.

ომის დროს მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხუთი პრინციპის შესახებ

IAEA-ის გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი, 2024 წლის 3 იანვრის განცხადებაში ყველა დაინტერესებულ მხარეს ახსენებს 2023 წლის 30 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ მოწოდებას. აღნიშნული მოწოდების თანახმად, უსაფრთხოებისა და დაცულობის შვიდი პრინციპიდან სულ ცოტა ხუთი აუცილებლად უნდა შესრულდეს, რომ ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურის ერთიანობა და ხელშეუხებლობა შენარჩუნებული იყოს კატასტროფული ინციდენტის თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნული ხუთი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:

  1. დაუშვებელია რაიმე სახის თავდასხმა განხორციელდეს ZNPP-ის ობიექტიდან, ან მის წინააღმდეგ, განსაკუთრებით რეაქტორებზე, გამოყენებული საწვავის საცავზე, სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ან პერსონალზე;
  2. ZNPP არ უნდა იყოს გამოყენებული მძიმე იარაღის შესანახად ან ბაზად (მაგ. მრავალი სარაკეტო გამშვები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები და ტანკები) ან სამხედრო პერსონალი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ობიექტიდან თავდასხმის განსახორციელებლად;
  3. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ. ამ მიზნით, ყველა მცდელობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია ყოველთვის ხელმისაწვდომია და უსაფრთხოდ მიეწოდება ობიექტს;
  4. ყველა სტრუქტურა, სისტემა და კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ZNPP-ის უსაფრთხო მუშაობისთვის, დაცული უნდა იყოს თავდასხმებისგან ან დივერსიული აქტებისგან;
  5. არ უნდა განხორციელდეს ქმედება, რომელიც ძირს უთხრის ამ პრინციპებს

დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აცხადებს, რომ ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შესაძლებელია და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების გამოფრქვევა ამ მოხდეს უკრაინაში მდებარე ბირთვული ობიექტებიდან.

პრინციპების დაცვის მიზნით IAEA-ის მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპორიჟიიში (ISAMZ), ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში IAEA-ის გენერალურ დირექტორს ამ პრინციპების დაცვის შესახებ. გენერალური დირექტორი საჯაროდ გააკეთებს განცხადებას ამ პრინციპების ნებისმიერი დარღვევის შესახებ და ითხოვს, ორივე მხარემ დაიცვას ეს პრინციპები.

გამოყენებული წყაროები:

Ukraine’s counteroffensive against Russia in maps: latest updates. A visual guide to the war. Visual and Data Journalism team. Financial Times, January 9, 2024. https://www.ft.com/content/4351d5b0-0888-4b47-9368-6bc4dfbccbf5 Accessed Jauniary 13, 2024.

From Lebanon to the Red Sea, a Broader Conflict With Iran Looms New York Times January 7, 2024. Accessed January 8, 2024. https://nytimes.com/2024/01/07/us/politics/iran-us-israel-conflict.html?smid=nytcore-ios-share&referringSource=articleShare&fbclid=IwAR1ufhq1WjfGDjwLiHzf3skP4n4NisKtFZsnr4lN4nMvZIPedY5o2h02tnM Accessed 01.11.2014

Iran advances nuclear enrichment while still barring inspectors: IAEA . Aljazeera network, November 15, 2023. https://www.aljazeera.com/news/2023/11/15/iran-advances-nuclear-enrichment-while-still-barring-inspectors-iaea Accessed 01.11.2024

Russia's Medvedev warns of nuclear response if Ukraine hits missile launch sites, Reuters. January 11, 2024. https://www.reuters.com/world/europe/russias-medvedev-warns-nuclear-response-if-ukraine-hits-missile-launch-sites-2024-01-11/ Accessed 01.13.2024.

Update 204 - IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, January 3, 2024. https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-204-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine

IAEA Director General Statement to United Nations Security Council May 30, 2023. https://www.iaea.org/newscenter/statements/iaea-director-general-statement-to-united-nations-security-council

Iran advances nuclear enrichment while still barring inspectors: IAEA. Aljazeera. November 15, 2023 https://www.aljazeera.com/news/2023/11/15/iran-advances-nuclear-enrichment-while-still-barring-inspectors-iaea

 

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.