ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის გამოწვევები და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენცია
აგვისტოს თვეში ნიუ იორკის გაეროს შენობაში საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მიმოხილვის კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების დელეგაციები. კონფერენცია 2020 წელს უნდა გამართულიყო, რადგან ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობაა, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ წევრი სახელმწიფოები შეიკრიბონ და მონაწილეობა მიიღონ მიმოხილვის კონფერენციაში. ღონისძიების მანძილზე იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს განიხილავდნენ, რომლებიც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ვალდებულებების განხორციელებას უწყობს ხელს. კონფერენცია ჩატარდა 2022 წლის 1-26 აგვისტოს ნიუ იორკში, გაეროს შენობაში. მისი ორი წლით გადადება განაპირობა კოვიდ-19 პანდემიის გავრცელებამ.
ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1970 წელს; მისი წევრები არიან როგორც ბირთვული, ისე არაბირთვული 191 სახელმწიფო. ხელშეკრულება წარმოადგენს გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმის საფუძველს: მის გარშემო მოხდა ბირთვული და არაბირთვული სახელმწიფოების შეთანხმება, რაც საკმაოდ რთული მოლაპარაკებების შედეგი იყო. არ იყო ადვილი არაბირთვული ქვეყნების დათანხმება, რომ მათ ხელშეკრულების პირობით უარი ეთქვათ ბირთვული იარაღის დამზადებაზე, სამხედრო მიზნით ბირთვული ტექნოლოგიების გაზიარებასა და შემდგომ განვითარებაზე, ეღიარებინათ ბირთვული ქვეყნების მიერ ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკისთვის.
ერთი მხრივ, 1970 წლიდან მოქმედი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით დისკრიმინაციულია, რადგან, ხუთი ბირთვული ქვეყნის გარდა, უფლებას უზღუდავს ყველა სხვა ქვეყანას, შექმნას ბირთვული იარაღი. თუმცა, ხელშეკრულების გარშემო არაბირთვული და ბირთვული ქვეყნების გაერთიანება მოხდა სხვა დათქმებთან ერთად ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირების გამო. ეს იყო ხელშეკრულების VI მუხლის შესრულება, რომელიც გულისხმობს, რომ მომავალში ბირთვული ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, მიაღწიონ სრულ განიარაღებას და უარი თქვან ბირთვულ შეირაღებაზე. ხელშეკრულების VI მუხლი ავალდებულებს მხარე-სახელმწიფოებს, კეთილსინდისიერად განაგრძონ მოლაპარაკებები ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების მიღების შესახებ. ამ მიმართულებით უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მნიშვნელოვანი იყო 2021 წლის იანვარი, როდესაც ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულება შევიდა ძალაში (TPNW), თუმცა მას არ მიუერთდა ბირთვული იარაღის მქონე და მათთან ალიანსში მყოფი ქვეყნები.
NPT-ს ხშირად უწოდებენ გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობისა და განიარაღების ქვაკუთხედს, თუმცა ბევრისთვის ცხადია, რომ არსებობს ბზარები ხელშეკრულების საფუძველში, ღრმა განხეთქილება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, ისევე როგორც ზოგიერთი არაბირთვული ქვეყნების დამოკიდებულებებში ბირთვული ქვეყნების მიმართ. „დღეს ბევრი არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო სამართლიანად არის უკმაყოფილო ბირთვული განიარაღების საკითხებით, კერძოდ, VI მუხლის ამოქმედების მიზნით ბირთვული სახელმწიფოების მხრიდან არსებული ამბიციის ნაკლებობის გამო“ - აცხადებს დერილ კიმბალი, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თვალყურს ადევნებს ხელშეკრულების განხორციელების პროგრესს 1975 წლის NPT-ის პირველი მიმოხილვის კონფერენციის შემდეგ.
დღეს ბირთვული სახელმწიფოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და ბირთვული მუქარის ფონზე ცხადად გამოჩნდა, რომ საერთაშორისო ბირთვული წესრიგი სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რადგან ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მოსაზრებას ამყარებს 2022 წლის 1-26 აგვისტოს ნიუ იორკში, გაეროში ჩატარებული ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მეათე მიმოხილვის კონფერენციის შედეგებიც.
ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მეათე მიმოხილვის კონფერენციის შედეგები - რუსეთის მიერ ფინალური დოკუმენტის დაბლოკვა
2022 წლის 26 აგვისტოს რუსეთს ფედერაციის დელეგაციამ დაბლოკა NPT-ს მეათე მიმოხილვის კონფერენციის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფინალური დოკუმენტის მიღება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მთავარი წინააღმდეგობა წარდგენილი ფინალური დოკუმენტის მეორე გადამუშავებული ვერსიის მიღებასთან დაკავშირებით ეხებოდა დოკუმენტში ასახულ ცნობებს ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურის შესახებ. კერძოდ, (1) რუსეთს სურდა ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე უკრაინის დადანაშაულება; (2) რუსეთის განცხადებით, ფინალური დოკუმენტის პროექტი არ ასახავდა რეალობას, რადგან შეიცავდა უკრაინის „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე“ მითითებას; (3) რუსეთის ინტერესში იყო მის მიერ წარმოდგენილი პრობლემების აღიარება, მაგრამ უარს ამბობდა კონსენსუსის მიუღებლობის შემთხვევაში მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ, რუსეთის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კონფერენციის კონსენსუსის წარუმატებლობაში მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი. მათ გამოთქვეს მწუხარება, რომ რუსეთის სახელმწიფო აწარმოებს უსამართლო და აგრესიულ ომს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და მიმართავს ტერიტორიის ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საზიანოდ.
დაახლოებით 50-მდე ქვეყნის დელეგაცია გამოეხმაურა რუსეთის მიერ ფინალური დოკუმენტის პროექტის დაბლოკვას. მხარეების მიერ გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ დღეს NPT-ს მოთხოვნების შესრულება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
აშშ-ს წარმომადგენელმა წუხილი გამოთქვა შედეგის გამო. მისი თქმით, რუსეთი იყო პასუხისმგებელი, რომ ვერ შედგა კონსენსუსი წევრ სახელმწიფოებს შორის და რომ რუსეთმა მოითხოვა ისეთი ჩასწორებები, რომელსაც ფარად გამოიყენებდა უკრაინის ომის დროს.
გერმანიამ სინანული გამოთქვა, რომ კონფერენციაზე ვერ მოხერხდა იმ ენაზე შეთანხმება, რომელიც ადეკვატურად ასახავდა უკრაინის წინაშე არსებულ პრობლემებს. გერმანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს გაეროს წესდებას და ეწინააღმდეგება უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც რუსეთმა მისცა უკრაინას 1994 ბუდაპეშტის მემორანდუმის სახით.
დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ მსოფლიოში არსებული დაპირისპირება ხელშეკრულების გამო გამწვავებულია რუსეთის ომით უკრაინაში, ხოლო ნიდერლანდებმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა დაარღვია NPT-ს სამივე ძირითადი მიზანი (ბირთვული გაუვრცელებლობა, ბირთვული განიარაღება და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების უფლება არაბირთვული სახელმწიფოებისათვის) და ამის დაფიქსირება დოკუმენტში ვერ მოხერხდა. ბელგიამ, იაპონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა და შვედეთმა - ასევე სინანულით დაადასტურეს მოსაზრება, რომ რუსეთის ქმედებებმა დაასუსტა NPT და რუსეთმა ხელი შეუშალა მხარეებს კონსენსუსის მიღწევაში.
შვედეთმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და გამოთქვა შეშფოთება სამხედრო მოქმედებებით გამოწვეული ბირთვული რისკების შესახებ - კერძოდ, ეს ეხებოდა ბირთვულ ობიექტებთან ახლოს / ზაპორიჟიის ელექტროსადგურის მახლობლად სამხედრო მოქმედებების ჩატარებას. მან მოუწოდა რუსეთს უკრაინის სრული კონტროლის აღდგენა ზაპორიჟიის ელექტროსადგურზე და საკუთარი ჯარების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანა უკრაინის აღიარებული ტერიტორიიდან.
ირლანდიამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში უგუნურად მოქმედებენ და სრულად უგულებელყოფენ ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ნორმებს, მათ შორის ზაპორიჟიის ობიექტზე.
დელეგაციების უმრავლესობამ, მათ შორის მიუმხრობელი ქვეყნების წევრმა სახელმიწიფობმა, ახალი დღის წესრიგის კოალიციამ და ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების (TPNW) წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ ფინალურ დოკუმენტს და ღრმა სინანული გამოთქვეს კონფერენციის წარუმატებლობის გამო - არა იმიტომ, რომ მათთვის დოკუმენტი განსაკუთრებულად კარგი იყო, არამედ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო მრავალმხრივი დოკუმენტის მიღება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ასეთი რისკების და რიტორიკის არსებობის დროს.
ფილიპინების და კოსტა რიკის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მრავალმხრივი / მულტილატერული მიდგომის მნიშვნელობას, და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ამ გზით უნდა იყოს გადალახული გამოწვევები და მიღწეული უნდა იყოს თანხმობა. კოლუმბიისა და შრი-ლანკას დელეგაციის წარმომადგენლებმა ამ პროცესში უწყვეტი კომუნიკაციისა და დიალოგის საჭიროების შესახებ ისაუბრეს. სამხრეთ აფრიკის აზრით, ფინალურ დოკუმენტზე შეუთანხმებლობა უცნობ წყლებში ცურვას ჰგავს, არაბირთვულმა ქვეყნებმა 1995 წელს ხმა მისცეს NPT-ს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას არა იმისათვის, რომ ბირთვულმა ქვეყნებმა უსასრულო ვადით დაიტოვონ ბირთვული იარაღი და განიარაღების პროცესი შეაფერხონ.
რუსეთმა მეორე, უფრო ვრცელი, განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ფინალური ანგარიში დაბლოკა. მან „დასავლური სახელმწიფოები“ დაადანაშაულა მიმოხილვის კონფერენციის პოლიტიზირებაში და კონფერენციას „პოლიტიკური მძევალი“ უწოდა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების გამო. რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოებისგან იყო გამოთქმული ანტი-რუსული განწყობები, რაც განსაკუთრებით ცინიკური გახდა უკანასკნელ დღეებში.
დოკუმენტის მიღებაზე კენჭისყრა არ შედგა რუსეთის მიერ ღიად დაფიქსირებული უარყოფითი პოზიციის გამო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ სირიამ დაუჭირა მხარი რუსეთის პოზიციას. ირანის ისლამურ რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი შენიშვნები შუა აღმოსავლეთის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ ტექსტის ფორმულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილი არ იყო, დაუჭერდა თუ არა ის მხარს დოკუმენტის ფინალურ რედაქციას.
26 მაისს, კონფერენციის დახურვის დღეს, საფრანგეთმა 55-ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომლითაც დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და გამოთქვა მწუხარება მის მიერ გაჟღერებული ბირთვული მუქარისა და ბირთვული ელექტროსადგურების ხელში ჩაგდების გამო. განცხადების ტექსტში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის არასამართლიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მისი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მისი გადაწყვეტილება ბირთვული განგაშის სტატუსის ამაღლების თაობაზე, და რუსეთის მიერ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების ოკუპაცია ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს NPT-ს ფარგლებში და სერიოზულად იმოქმედებს ხელშეკრულების სანდოობაზე. აღნიშნული განცხადებას მიუერთდა საქართველოც.
თავის საბოლოო მიმართვაში შვეიცარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უარყოფილი ფინალური დოკუმენტი არანაირად არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ წარსულ შეთანხმებებსა და მიღწეულ შედეგებს, რომლებიც, კვლავაც ძალაშია და მათი მოქმედება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შვეიცარიამ ასევე განაცხადა, რომ ძველ ფინალურ დოკუმენტებში აღებული ვალდებულებები არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ და ისინი ჩაწერილი იყო მეათე კონფერენციის ფინალური დოკუმენტის მეორე სამუშაო ვერსიაშიც. ევროკავშირმა (დამკვირვებლის სტატუსით), ირლანდიამ, შვედეთმა, თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეახსენეს სხვა ქვეყნების დელეგაციის წევრებს, რომ ძველ დოკუმენტებში გათვალისწინებული ვალდებულებები კვლავაც ძალაში რჩება.
უკრაინის გამოწვევები - 2020 წლის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის ფინალური დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით
ფინალურ დოკუმენტში უკრაინის გამოწვევების შესახებ სულ ექვს პარაგრაფში იყო საუბარი. გაუვრცელებლობის ხელშეკრულების III - IV მუხლის ვალდებულებები, რომლებიც უკრაინაში ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხობისა დ დაცულობის უზრუნველყოფას ეხება, დოკუმენტის შემდეგ პარაგრაფებში იყო ასახული: 34, 35, 50, 95, 99, 144.
რუსეთის მხრიდან ყველაზე მიუღებელი იყო ფინალურ დოკუმენტში ასახული პარაგრაფი 34, სადაც კონფერენცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სამხედრო მოქმედებების მიმართ, რომლებიც რუსეთმა განახორციელა ბირთვული ელექტროსადგურების ახლოს ან მათ მახლობლად მდებარე სხვა ობიექტებისა თუ ადგილების წინააღმდეგ, რომლებიც ექვემდებარება დაცვას უკრაინის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მიხედვით, კერძოდ, ეს ეხება ზაპორიჟიის ბირთვულ ელექტროსადგურს. ასევე, კონფერენცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილი უწყების მიერ კონტროლის დაკარგვაზე სამხედრო მოქმედებების შედეგად იმ ადგილებზე, საიდანაც მოსალოდნელია ღრმა ნეგატიური ზემოქმედება ბირთვულ უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, მათ შორის მასალების ფიზიკურ დაცვაზე და უსაფრთხოებაზე.
35-ე პარაგრაფის მიხედვით, კონფერენცია მხარს უჭერს IAEA-ს გენერალური დირექტორის ძალისხმევას, უზრუნველყოფილი იყოს IAEA-ს მიერ გადაუდებელი უსაფრთხოების ზომების განხორციელება ბირთვული ელექტროსადგურის სტატუსის შესამოწმებლად შეიარაღებული კონფლიქტის რაიონებში, მათ შორის, ბირთვული მასალის რეაქტორებისა და მარაგების შესახებ ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე და უკრაინის სხვა ობიექტებზე და უზრუნველყოს ბირთვული მასალის მიზნობრივად გამოყენება მშვიდობიანი მიზნით.
კონფერენცია მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ IAEA-ს გენერალური დირექტორის ძალისხმევას უკრაინის ბირთვული ობიექტების და მასალების უსაფრთხოებისა და დაცულობის აღსადგენად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (95 პარ).
კონფერენცია, ასევე, გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას უკრაინის ბირთვული ობიექტების, ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის და იქ განთავსებული მასალების უსაფრთხოებისა და დაცულობის გამო და მადლიერებას გამოხატავს IAEA-ს და მისი გენერალური დირექტორის მიმართ გაწეული ძალისხმევის გამო (99 პარ).
კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ბირთვული იარაღის მქონე ყველა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისა და არსებული ვალდებულებების სრულად დაცვის მნიშვნელობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების გარანტიებთან და რომლებიც მიცემულია არაბირთვული იარაღის მქონე ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებისთვის ცალმხრივად ან მრავალმხრივად, მათ შორის, მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის მიერთებასთან 1994 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან (144 პარ).
50-ე პარაგრაფში დოკუმენტი საუბრობს გაუვრცელებლობის ხელშეკრულების II მუხლის ვალდებულებების შესახებ, რაც გულისხმობს უკრაინის ვალდებულებას, რომ არ შექმნას სამხედრო მიზნით ბირთვული პროგრამა. ასევე, კონფერენცია ხაზს უსვამს კონტროლის უზრუნველყოფის უდიდეს მნიშვნელობას უკრაინის პასუხისმგებელი ორგანოების მიერ ბირთვულ ობიექტებსა და სხვა ადგილებზე, რომლებიც ექვემდებარება IAEA-ს გარანტიებს და განლაგებულია შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში, როგორიცაა ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგური და სხვა ობიექტები.
სხვა თემები ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მეათე მიმოხილვის კონფერენციის ფინალური დოკუმენტში
კონფერენციის ფინალური დოკუმენტი ასევე ასახავს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების გაცხადებულ მიზნებს სხვა სახელმწიფოებისა და თემების მიმართაც. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია ახლო აღმოსავლეთის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის, ასევე, გაუვრცელებლობის ხელშეკრულების VI მუხლის აღსრულების და სხვა საკითხების შესახებაც.
ახლო აღმოსავლეთის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონა - 1995 წლის რეზოლუციის განხორციელების გარშემო კონფერენცია მოუწოდებს ყველა რეგიონულ სახელმწიფოს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და ნდობის აღდგენის ღონისძიებები 1995 წლის რეზოლუციის მიზნების განსახორციელებლად. კონფერენცია აღიარებს კონფერენციის პირველ ორ სესიაზე განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ეხებოდა შუა აღმოსავლეთში ბირთვული იარაღისგან და მასობრივი განადგურების სხვა იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნის აუცილებლობას.
ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა DPRK. კონფერენციამ მოუწოდა DPRK -ს, რომ აღარ გამოსცადოს ბირთვული იარაღი, შეწყვიტოს ყველა მიმდინარე ბირთვული აქტივობა და მიიღოს კონკრეტული ზომები მის ხელთ არსებული ყველა ბირთვულ იარაღის გაუვნებელყოფის და არსებულ ბირთვულ პროგრამის სრული, შემოწმებადი და შეუქცევადი დასრულების თაობაზე, რომ შეამციროს დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე.
კონფერენციამ შეახსენა ყველას, რომ NPT-ის თანახმად DPRK-ს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სტატუსი. კონფერენცია მოუწოდებს მას, დაუბრუნდეს ხელშეკრულებას და სრულად შეასრულოს ხელშეკრულების მოთხოვნები და IAEA-ს ბირთვული უსაფრთხოების გარანტიები.
გაუვრცელებლობის ხელშეკრულების VI მუხლის შესახებ ბირთვული სახელმწიფოები აღიარებენ თავიანთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერად განაგრძონ მოლაპარაკებები ეფექტურ ზომებზე, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვული შეიარაღების გაძლიერების ადრეულ ეტაპზე შეწყვეტასთან და ბირთვულ განიარაღებასთან. ასევე, აღიარებენ, რომ VI მუხლის შესრულება აუცილებელია სრულყოფილად. მონაწილე სახელმწიფოები ხელახლა იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
კონფერენცია მოუწოდება ინდოეთს, ისრაელს და პაკისტანს შეუერთდნენ ხელშეკრულებას, როგორც არაბირთვული სახელმწიფოები, დაუყონებლივ და უპირობოდ, და, მიერთების მოლოდინში, დაიცვან ხელშეკრულების პირობები; ეს ეხება განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებს, სადაც ოპერირებენ დაუცველი ბირთვული ობიექტები.
კონფერენცია ასევე მოუწოდებს სამხრეთ სუდანს, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ხელშეკრულებას.
ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, ბირთვული განიარაღების მიზნით მიაღწიონ ბირთვული არსენალის სრულ ლიკვიდაციას, გამოიყენონ სრულად ძალისხმევა ბირთვული იარაღის გლობალური მარაგის შემდგომ შესამცირებლად და მოწოდებული იყვნენ, დაუყონებლივ შემცირდეს ან გაგრძელდეს ყველა სახის ბირთვული იარაღის შემდგომი შემცირება, განურჩევლად მათი ადგილ-მდებარეობისა, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი ღონისძიებებისა და ცალმხრივი ინიციატივების მეშვეობით, რომლებიც შეესაბამება 2010 წლის მიმოხილვის კონფერენციის მიერ შეთანხმებულ დასკვნებსა და შემდგომ რეკომენდაციებს.
რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, განახორციელონ ახალი სტარტის (New START) ხელშეკრულება და კეთილსინდისიერად განაგრძონ მოლაპარაკებები New START-ის შემდგომი ჩარჩოს შესახებ მისი ვადის გასვლამდე, 2026 წელს, რათა მიაღწიონ მათი ბირთვული არსენალის უფრო ღრმა, შეუქცევად შემცირებას.
ამას გარდა, სრულ ბირთვულ განიარაღებამდე ბირთვული სახელმწიფოები იღებენ შემდეგ ვალდებულებას:
- პატივი სცენ მათ მიერ აღიარებული ყველა ბირთვული უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს;
- არ გამოიყენონ ან არ დაემუქრონ ბირთვული იარაღის გამოყენებით გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე არაბირთვულ სახელმწიფოებს მათ მიერ ეროვნულ დონეზე გაკეთებული განცხადებების შესაბამისად.
ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის ფინალური დოკუმენტი გლობალური უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც ფარავდა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტის მიღებული არ იყო, რთული სათქმელია, რამდენად არის შესაძლებელი იქ ასახული განზრახვების განხორციელება მომავალი წლების განმავლობაში. ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის შემდეგი კონფერენცია 2026 წელს ჩატარდება.
გამოყენებული წყაროები:
NPT NEWS IN REVIEW, Civil society perspectives on the Tenth Review Conference of the Treaty on the Non-Proliferation of Nuclear Weapons (NPT), 1–26 August 2022 VOL.17 NO.10 27 August 2022. Available at: https://reachingcriticalwill.org/images/documents/Disarmament-fora/npt/NIR2022/NIR17.10.pdf
2020 Review Conference of the Parties to the Treaty on the Non-Proliferation of Nuclear Weapons, Draft Final Document , New York, 1–26 August 2022. available at: https://reachingcriticalwill.org/images/documents/Disarmament-fora/npt/revcon2022/documents/CRP1_Rev2.pdf
Updates from the 10th NPT Review Conference, Authored by Gabriela Rosa, August 25, 2022. Available at: https://www.armscontrol.org/blog/2022/updates-10th-NPT-RevCon
UN chief disappointed nuclear treaty conference ends without consensus, 27 August 2022. Available at: https://news.un.org/en/story/2022/08/1125572
NPT News in Review, Vol. 17, No. 6. Editorial: Disarmament Needs Determined Action, by Ray Acheson. 16 August 2022.. Available at: https://reachingcriticalwill.org/disarmament-fora/npt/2022/nir/16317-npt-news-in-review-vol-17-no-6