რუსული ბირთვული იარაღი „სამჯერ უფრო ძლიერი“, ვიდრე ის, რაც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, უკვე ბელარუსშია,“ - განაცხადა 2023 წლის 13 ივნისს ქვეყნის ავტოკრატიულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. მისი განცხადება გავრცელდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ივლისში ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს (9 ივნისი 2023, სოჭი). ორი ლიდერის შეხვედრის სატელევიზიო ნაწილში პუტინმა თქვა, რომ იარაღის განლაგებისთვის საჭირო მზადება დასრულდება 7 ან 8 ივლისისთვის.
რუსეთის, ასევე ბელარუსის, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში 13 ივნისს გასულ მასალაში ლუკაშენკამ თქვა, რომ არ დააყოვნებს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან შეუერთდეს რუსეთის ომს უკრაინასთან, თუკი განხორციელდება აგრესია ბელარუსის წინააღმდეგ.
„მე მჯერა, რომ არავის არ ექნება სურვილი, შეებრძოლოს ქვეყანას, რომელსაც აქვს ეს იარაღი,“ - თქვა ლუკაშენკამ და დასძინა, რომ მან სთხოვა პუტინს როგორც ტაქტიკური, ისე კონტინენტთაშორისი რაკეტების განთავსება ბელარუსში, როგორც შემაკავებელი ღონისძიება.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ საერთაშორისო მედიაში, რომ ეს არის რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის საზღვრებს გარეთ განთავსების პირველი შემთხვევა 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ნატოს ქვეყნები ვერ ხედავენ განსხვავებას რაკეტების რუსეთში თუ ბელარუსში განთავსებას შორი, რადგან მოსკოვი აპირებს შეინარჩუნოს სრული კონტროლი ბირთვულ ტაქტიკურ რაკეტებზე. რუსეთს ექნება დაახლოებით 500 კმ-იანი წვდომა ისკანდერის რაკეტის საშუალებით, რომელიც გადის 500 კილომეტრს ან მეტს.
ამასთან, ითვლება, რომ რუსეთს უკვე აქვს ბირთვული იარაღი ევროპის წევრი სახელმწიფოების საზღვართან ახლოს განთავსებული - მის დასავლეთ საზღვრებთან ახლოს მდებარე კალინინგრადის რეგიონში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი ამ შემთხვევაში პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის მდებარეობს.
ზაპორიჟიის ბირთული ელექტროსადგურის უსაფრთხოება კახოვკის კაშხლის დაზიანების შემდეგ
2023 წლის 11 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ IAEA-ს ექსპერტებს ესაჭიროებათ წვდომა უკრაინის ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე (ZNPP) და მის მახლობელ ტერიტორიაზე, რათა დადგინდეს მნიშვნელოვანი შეუსაბამობის მიზეზი ბირთვული ობიექტის მახლობლად მდებარე კახოვკას რეზერვუარის სიმაღლის სხვადასხვა გაზომვებს შორის. რეზერვუარი ექვს ბირთვულ რეაქტორს წყლით ამარაგებს გასაგრილებლად. ასევე, მუდმივად ავსებს გამოყენებული საწვავის დროებით განთავსების აუზს.
2023 წლის 6 ივნისს მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკას კაშხალზე აფეთქებით გამოწვეული დაზიანების გამო წყალსაცავის დონემ სწრაფად დაიწყო დაცემა, მაგრამ ბირთვული ელექტროსადგურის ZNPP-ადმინისტრაციამ 10-11 ივნისს განაცხადა, რომ კახოვკას რეზერვუარის სიღრმე სტაბილური იყო. სიღრმე გაზომეს ზაპორიჟიას ელექტროსადგურის შესასვლელთან (ZTPP), სადაც წყალი არხით ჩაედინება ბირთვულ ელექტროსადგურში გამოსაყენებლად.
11 ივნისს IAEA-ს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის ZTPP-ის თანამშრომლების მიერ აღებული მონაცემებით რეაქტორების მახლობლად მდებარე რეზერვუარის წყლის დონე იყო 11,27 მეტრი, მაშინ როდესაც კაშხლის გარღვევამდე იგივე მაჩვენებელი თითქმის 17 მეტრი იყო.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სიმაღლე აგრძელებს ვარდნას კახოვკას უზარმაზარ წყალსაცავში, რამაც გამოიწვია შესაძლო განსხვავება დაახლოებით ორი მეტრით ZTPP-ის მიერ დადგენილ დონესთან შედარებით. წყლის დონის სიმაღლე არის ძირითადი პარამეტრი წყლის ტუმბოების უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად
„შესაძლებელია, რომ გაზომილ დონეებში ეს შეუსაბამობა გამოწვეული იყოს წყლის იზოლირებული სხეულით, რომელიც გამოყოფილია წყალსაცავის უფრო დიდი ნაწილისგან. მაგრამ ჩვენ ამის გაგებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც მივიღებთ წვდომას ბირთვულ ელექტროსადგურზე,“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ.
ZTPP-ის წყალსაცავის ამჟამინდელ სიმაღლეზე წყლის ტუმბოები აგრძელებს მუშაობას. თუმცა, ამ დროისთვის, ისინი მუდმივად არ ფუნქციონირებენ, რადგან ZTPP არხიც და ZNPP-ის მახლობლად მდებარე დიდი გაგრილების აუზიც სავსეა, და შეიცავს საკმარის წყალს რამდენიმე თვის გაგრილების მოთხოვნებისთვის.
ZNPP გაგრილების აუზი და კახოვკას კაშხალზე განთავსებული თბოელექტროსადგურიდან ZTPP არხით გამომუშავებული ელექტროენერგია განუყოფელი ნაწილია ბირთვული ობიექტის უწყვეტად მოსამარაგებლად და გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთლიანობის და ხელუხლებლობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბირთვული ობიექტის უსაფრთხოებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ZNPP არ აწარმოებს ელექტროენერგიას უკვე რამდენიმე თვეა, მას ჯერ კიდევ სჭირდება წყალი და ელექტროენერგია გაგრილებისა და სხვა აუცილებელი უსაფრთხოების ფუნქციებისთვის, რათა მოხდეს საწვავის პოტენციური დნობისა და რადიოაქტიური მასალის გამოყოფის რისკის მინიმიზება.
გარდა ამისა, ბირთული ობიექტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოქმედი თბოელექტროსადგური გადამწყვეტ როლს ასრულებს ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოებისა და დაცულობისათვის. ამისათვის IAEA-ს დამკვირვებლებმა დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ სიტუაცია და შეამოწმონ, რამდეანად არის შესაძლებელი თბოელექტროსადგურის მხრიდან მუშაობის გაგრძელება. ის წარსულში გამოიყენებოდა ZNPP-ისთვის სარეზერვო ენერგიის მისაწოდებლად, მაგრამ მისი ბოლო მომუშავე 330 კვ ხაზი ჯერ კიდევ მიუწვდომელია ზაპოროჟიას ბირთვული რეაქტორებისათვის სამ თვეზე მეტი ხნის წინ გათიშვის შემდეგ. ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგური ახლა მთლიანად ეყრდნობა მის ერთადერთ დარჩენილ 750 კვ ელექტროგადამცემ ხაზს გარე ელექტროენერგიისთვის, რომელიც არაერთხელ შეწყდა მას შემდეგ, რაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო 2022 წლის თებერვალში.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორი 13 ივნისს გაემგზავრა კიევში და ZNPP-ში და გაიმეორა, რომ IAEA ასევე მოითხოვს წვდომას ZTPP-ის ელექტროგამშვებ სადგურზე.
11 ივნისისათვის თავად ZNPP-ში ხუთი რეაქტორი ცივ გამორთვაშია, ხოლო მეექვსე - მე-5 ბლოკი - რჩება ცხელ გამორთვაში, რათა გამოიმუშაოს ორთქლი იმ პროცესების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილზე უსაფრთხოებას. ქარხანა განიხილავს დამოუკიდებელი ორთქლის ქვაბის დაყენების შესაძლებლობას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მე-5 აგრეგატის ცივ გამორთვას, იმავდროულად დააკმაყოფილებს ორთქლის მიწოდების საჭიროებას ობიექტზე.
2023 წლის 14 ივნისის დასავლეთის მედიის ცნობით, IAEA -ს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ვერ ახერხებს ბირთვული ელექტროსადგურის მონახულებას იმის გამო, რომ რუსეთის მხარე, რომლის დაქვემდებარებაშიც არის დღეს ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგური, მის ვიზიტზე თანხმობის გაცემას აყოვნებს. ერთი დღით ადრე, 13 ივნისს, გროსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. შეხვედრის დროს განიხილეს კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობით მიღებული ზიანი.
15 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ დაიწყო IAEA-ს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის, ვიზიტი ზაპორიჟიას დროებით ოკუპირებულ ბირთვულ ელექტროსადგურში.
რა მოხდა კახოვკას წყალსაცავზე
დასავლური მედია აღიარებს, რომ სამხრეთ უკრაინაში ნოვა კახოვკას კაშხლის ნგრევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კაშხლის დაზიანებისას მდინარე დნეპრის ადიდების გამო განადგურდა სოფლები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ათიათასობით ადამიანმა დაკარგა წვდომა ელექტროენერგიასა და სუფთა წყალზე და მასიური ეკოლოგიური ზიანი მიადგა გარემოს.
დარწმუნებით ჯერ კიდევ ვერავინ ამტკიცებს, რა იყო კაშხლის გარღვევის მიზეზი - იყო ეს მიზანმიმართული აფეთქება, თუ კონსტრუქციული ჩავარდნა. თუმცა ცხადია, რომ რადგანაც კაშხალი და მასთან მიმდებარე ჰიდროელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო და ის აგრესორი რუსეთის კონტროლს ექვემდებარებოდა, პასუხისმგებლობაც მის უსაფრთხოებაზე რუსეთის მხარეს ეკისრება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ნგრევას უწოდა „უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთ დამანგრეველი შედეგი“, და დასძინა, რომ გაეროს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რათა დამოუკიდებლად გადაამოწმოს მიზეზი.
ექსპერტები და პოლიტიკოსები დასავლურ მედიაში აქტიურად განიხილავენ კაშხლის დაზიანების შესაძლო მიზეზებსა და მოტივებს. ამ დისკუსიაში რამდენიმე სცენარი განიხილება - რუსეთის მიზანმიმართული ქმედება, უკრაინის მხრიდან შემთხვევით ნასროლი რაკეტა და წყლის დონის აწევით გამოწვეულიკონსტრუქციის ნგრევა. ყველა მათგანი მოწმობს, რომ კაშხალზე მოხდა აფეთქება, თუმცა ჯერ ვერ ხერხდება მტიკიცებულებების გამოვლენა აფეთქების მიზეზებისა და დამნაშავეების შესახებ.
შესაძლებელია თუ არა გარედან ამ მასშტაბის ნგრევის გამოწვევა?
მედიაში აქტიურად გრძელდება მსჯელობა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა გარედან ამ მასშტაბის ნგრევის გამოწვევა?
ექსპერტები თანხმდებიან, რომ კაშხლისთვის საკმარისი ზიანის მიყენება მოითხოვს ძალიან ზუსტ დარტყმას - დიდი დრო უნდა დაიხარჯოს იმაზე, თუ სად დააყენონ ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომ საკმარისი ზიანი მიაყენონ კაშხალს. ამას გარდა, უკრაინის მიერ აფეთქების განხორციელება ტექნიკურად ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას დასჭირდება მასიური ასაფეთქებელი ნივთიერებების საძირკველთან ახლოს მიტანა. იმ პირობებში, როდესაც რუსული ძალები აკონტროლებდნენ კაშხალს, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდო ჩანს.
ყველაზე აქტიურად განიხილება სცენარი, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა მიზანმიმართლად ააფეთქა, ნაგებობების შიგნით წინასწარ განთავსებული ნაღმების საშუალებით. უკრაინის დაზვერვის ერთი წლის წინანდელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ჯარებმა კაშხალი დანაღმეს. ამასთან, სოციალური მედიის პოსტები მიუთითებს, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაიგეს აფეთქებების ხმა იმ დროს, როდესაც კაშხალი დაზიანდა.
რუსეთს ჰქონდა მოტივაცია, რომ მსგავსი მასშტაბის მოვლენა გამოეწვია:
- ეს ნგრევა დაემთხვა უკრაინული ძალების მხრიდან შეტევის დაწყებას. უკრაინელი პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, სურს დაბრკოლებების შექმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებებისთვის.
- აფეთქების შედეგად ნოვა კახოვკას კაშხლიდან წამოსულმა წყალმა დატბორა და დამატებითი საფრთხე შეუქმნა ქალაქ ხერსონს, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს 2022 ნოემბერში კონტრშეტევით, რუსეთის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ
- ზარალი ასევე ეხება წყალსაცავის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიას, სადაც წყლის დონე ეცემა. უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნგრევამ ხერსონში სარწყავი სისტემების 94%, ზაპორიჟიას - 74% და დნეპროს რეგიონებში - 30% „წყლის წყაროს გარეშე“ დატოვა.
- ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგური ასევე მდებარეობს დანგრეული კაშხლის ზემოთ. რეზერვუარი აწვდის გამაგრილებელ წყალს ქარხანას, ევროპის უდიდეს ბირთვულ ელექტროსადგურს, და გადამწყვეტია მისი უსაფრთხოებისთვის. ქარხანა რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, რაც უკრაინელების შფოთვის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
რუსეთმა უარყო რაიმე მონაწილეობა სტიქიაში და თავის მხრივ დაადანაშაულა უკრაინა კაშხლის განადგურებაში, მტკიცებულებების გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ წყალსაცავის აფეთქება და წყალდიდობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემებს ქმნის, კერძოდ:
- წყალს აწვდის სამხრეთ უკრაინის დიდ ნაწილს, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს, რომლის ანექსია რუსეთმა უკანონოდ მოახდინა 2014 წელს. რუსულმა ძალებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ ყირიმის არხი, რომელიც იკვებება კახოვკას წყალსაცავით და წყალმომარაგების აღდგენა დაიწყეს მათი შემოჭრის პირველივე დღეებში 2022 წელს.
- მოვარდნილი წყლის სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ზოგიერთი უბანი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება და წარსულში მოსკოვის სამხედრო ძალების განთავსების ადგილად იქცა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა ოფიცერმა განუცხადა CNN-ს, რომ თვითმხილველი უკრაინელი ოფიცერი შეესწრო რუსი ჯარისკაცების გაქცევას წყალდიდობის დროს მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროდან - რუსული ბაზები დაიტბორა.
რჩება სხვა შესაძლებლობა - სტრუქტურული მარცხი?
კაშხლის დაზიანებული მონაკვეთი წარმოადგენს ბეტონის გრავიტაციულ კაშხალს, 35 მეტრი სიმაღლით და 85 მეტრი სიგრძით. ეს არის ძალიან გავრცელებული ტიპის კაშხალი მთელ მსოფლიოში. ასეთი კაშხლები შენდება ასობით წლის განმავლობაში და თუ ისინი კარგად არის დაპროექტებული და აშენებული და ადეკვატურად შენარჩუნებულია, მაშინ თავისთავადი დაზიანების შანსი ძალიან დაბალია. ექსპერტების აზრით, უკიდურესად უჩვეულო იქნებოდა ამ ტიპის კაშხლის მოულოდნელი გარღვევა, თუმცა, გაურკვეველია, რამდენად კარგად შენარჩუნდა კაშხალი რუსული ოკუპაციის დროს. კაშხლის დიზაინი ითვალისწინებს წყლის ძალიან მაღალ დონესთან გამკლავებას, თუნდაც ექსტრემალურს, რის შემთხვევაშიც წყალი გადადის კაშხალზე, რადგანაც კაშხალი არ უნდა გაირღვეს მხოლოდ წყლის მაღალი დონის გამო.
გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კაშხალი ორ ადგილას არის გარღვეული, სტრუქტურის ორივე მხარეს. თუ გარღვევა გამოწვეული იქნებოდა წყლის ჭარბი დონით, იქნებოდა მხოლოდ ერთი. ამრიგად, ამ კატასტროფის ბუნებრივი მიზეზები ძალზე ნაკლებად სავარაუდოა.
მაქსარის სატელიტური სურათების CNN-ის ანალიზმა აჩვენა, რომ კაშხლის ზემოთ გზა და ხიდი დაზიანდა სტრუქტურულ ნგრევამდე რამდენიმე დღით ადრე. ხიდი ხელუხლებელი იყო 28 მაისს, მაგრამ 5 ივნისის სურათებზე ჩანს, რომ იმავე ხიდის მონაკვეთი დაკარგულია. დაბალი გარჩევადობის სატელიტური სურათების ანალიზი ვარაუდობს, რომ ხიდის მონაკვეთის დაკარგვა მოხდა 1-დან 2 ივნისს შორის.
იმავდროულად, გასული თვის მონაცემები ადასტურებს, რომ წყლის დონე კაშხლის მიღმა რეზერვუარში იყო რეკორდულად მაღალი. NORSAR-მა, დამოუკიდებელმა ნორვეგიულმა ფონდმა მიწისძვრებისა და ბირთვული აფეთქებების გამოვლენისთვის 6 ივნისს ადგილობრივი დროით 2:54 საათზე დააფიქსირა აფეთქება კაშხალზე. NORSAR-ის მონაცემებით, ეს მოხდა კაშხლის მახლობლად ან ჯებირთან. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები ასევე მიუთითებს, რომ ხალხმა აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით 2:18 საათიდან 2:20 საათამდე გაიგო.
NORSAR-ის მიერ აღებულმა სეისმურმა სიგნალებმა დააფიქსირა აფეთქების სიმძლავრეც, 2 მაგნიტუდის, რაც ექსპერტების აზრით ადამიანის მიერ შექმნილი მოვლენა იყო და არა მიწისძვრა. ასევე აღსანიშნავია, რომ აფეთქების სიმძლავრე მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი მნიშვნელობის, რის გამოც გაურკვეველია, გამოიწვია თუ არა NORSAR-ის მიერ აღმოჩენილმა მოვლენამ კაშხლის ნგრევა. CNN-ის მიერ გამოკვლეული სცენის ვიდეოს გეოლოკაცია აჩვენებს მცირე აფეთქებას კაშხალზე, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე დარღვეულია, სავარაუდოდ, დილის 2:46 საათზე.
ექსპერტები ასევე განიხილავენ, შეიძლებოდა თუ არა ელექტროსადგურის შიგნით ტურბინების პრობლემურ მუშაობას გამოეწვია ნგრევა. მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობა არსებობს, თუმცა ჰიდროელექტროსადგურზე, კაშხლის შიგნით კრიტიკულ წერტილში, ტურბინების გაუმართავი მუშაობით გამოწვეული აფეთქება სავარაუდოდ დააზიანებდა კაშხალს, თუმცა დაზიანება არ უნდა ყოფილიყო ამ მასშტაბის და, ამას გარდა, უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი უბედური შემთხვევა თანამშრომლებისათვის შეუმჩნევლად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომხდარიყო. იმის გამო, რომ ქარხანა რუსეთის კონტროლს ექვემდებარებოდა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, სავარაუდოდ, ვერავინ გაარკვევს ზუსტად, რა ხდებოდა შიგნით ამ დროის განმავლობაში და იცოდნენ თუ არა მათ, ვინც კაშხალს მართავდა, რა იყო მოსალოდნელი.
გამოყენებული წყაროები:
Update 165 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 11 June 2023, https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-165-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Here are the key theories on what caused Ukraine’s catastrophic dam collapse. By Ivana Kottasová and Gianluca Mezzofiore, CNN. June 9, 2023. Available at: https://edition.cnn.com/2023/06/08/europe/nova-kakhovka-destruction-theories-intl/index.html
Russian nuclear weapons 'in hands of Belarus dictator', warns opposition leader, By Sarah Rainsford, BBC World, 15 June 2023. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-65910958
https://www.cbsnews.com/news/belarus-russia-nuclear-weapons-war-lukashenko-putin-hiroshima-nagasaki/
Belarus now has Russian nuclear weapons "three times more powerful" than those used on Japan, leader says, By Haley Ott, CBS NEWS, 14 June 2023 . Available at: https://www.cbsnews.com/news/belarus-russia-nuclear-weapons-war-lukashenko-putin-hiroshima-nagasaki/