© 2022 Institute for the Study of War and AEI's Critical Threats Project made possible by the Dr. Jack London Geospatial Fund at ISW. Map by George Barros, Kateryna Stepanenko, and Thomas Bergeron
Available at: https://storymaps.arcgis.com/stories/36a7f6a6f5a9448496de641cf64bd375
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ბირთვული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. 2022 წლის 21 სექტემბრის და 30 სექტემბრის გამოსვლებში ის თავის განცხადებებში კვლავაც იმეორებს მუქარას და არ გამორიცხავს ომის მიმდინარეობისას რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება რუსეთის არმიის მობილიზაციის დაწყების შესახებ და დაადასტურა, რომ, თუ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ყველა საშუალება იქნება გამოყენებული რუსეთის და მისი ხალხის დასაცავად.
რუსეთის პირველი პირების მიერ გაცხადებული სტრატეგიული მიზნების პასუხად ნატოში ფართო დებატები მიმინარეობს ნატოს საპასუხო სტრატეგიის შესახებ. განხილული მოსაზრებები მრავალგვარია: მათი შინაარსი მერყეობს ამჟამინდელი დაპირისპირების ხაზის გასწვრივ ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის რეკომენდაციასა და ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის სრული დაბრუნების მოთხოვნამდე , მათ შორის დონბასისა და ყირიმის ანექსიის დასრულებით. დასავლეთის ანალიტიკოსების აზრით, შეხედულებების ეს ფართო სპექტრი ჩნდება, რადგან ნატოს წევრ ქვეყნებში ჯერ კიდევ დაუბალანსებელია ორი წუხილი - ერთი მხრივ, ის, რომ ერთ ქვეყანას არ უნდა მიეცეს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ძალით წართმევის უფლება და, მეორე მხრივ, შეშფოთება ბირთვული ომით გამოწვეული შესაძლებელი კატასტროფული შედეგების გამო.
ნატოს მანდატი და რესურსები არ იძლევა სახელმწიფოთაშორისი სამხედრო აგრესიის აღკვეთის საშუალებას. თუმცა, როგორც ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ალიანსს, მას აქვს განსაკუთრებული ინტერესი, წინააღმდეგობა გაუწიოს ბირთვული იარაღით მხარდაჭერილ ჩვეულებრივ სამხედრო აგრესიას ჩვეულებრივი სამხედრო იარაღით. ასეთი მიდგომის განხორციელებით მოხდება ბირთვული იარაღის უსარგებლობის დემონსტრირება, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიოში მეტ სტაბილურობას, მშვიდობას და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას. მოსალოდნელია, რომ ნატოს ასეთი ქცევა შეამცირებს ბირთვული სახელმწიფოების ცდუნებას, ძალის გამოყენებით ხელთ იგდონ მიმდებარე ტერიტორიები და, ასევე, შეასუსტებს არაბირთვული სახელმწიფოების ინტერესს, შეიძინონ ბირთვული იარაღი თავდაცვის მიზნით. გარდა ამისა, ეს მიდგომა ბევრად უფრო დამაჯერებელს გახდის ნატოს მოკავშირეებისთვის.ნატოს მომავალ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ბირთვული იარაღის პირველ გამოყენებაზე უარის თქმას.
ამგვარად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინაში ნატოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს, რომ „რუსეთმა არ მოიპოვოს ტერიტორია ბირთვული იძულებით“ და მოახდინოს ბირთვული არსენალის უსარგებლობის დემონსტრირება. ამისათვის ნატომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს უკრაინის დახმარებას, რათა უკრაინამ დაიბრუნოს 2022 წლის თებერვლიდან დაკარგული ტერიტორიები, ისევე როგორც მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულად დაბრუნებას. ეს შეესაბამება ნატოს მიმდინარე პოლიტიკას „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
თუ ნატო მიაღწევს დასახულ მთავარ სტრატეგიულ მიზანს - ბირთვული არსენალის, როგორც სამხედრო აგრესიის საფარის, უსარგებლობის დემონსტრირებას - ეს იქნება ღირებული გაკვეთილი ყველა ქვეყნისათვის.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ იმისათვის, რომ პუტინს სტიმული მიეცეს, დაეთანხმოს ასეთ შედეგს, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უნდა შესთავაზონ რუსეთს მოლაპარაკება შეთანხმებების გარშემო, რომელიც ეხება სტრატეგიული სტაბილურობის მიღწევას. ეს შეთანხმებები ნატოს და რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს. მართლაც, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ხელახლა გახსნას ასეთი დისკუსიები, რომელიც შემდეგ საკითხებს შეიძლება შეიცავდეს:
- განახლებული ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულება ევროპაში (CFE) - შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს და კრძალავს მათ განლაგებას საზღვრებთან ახლოს - შეიძლება მოიცავდეს ღია ცის შეთანხმების განახლებას, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილე ქვეყნებს, მოაწყონ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენები ვერიფიკაციის მიზნით;
- განახლებული საშუალო მანძილის ბირთვული ძალების (INF) შეთანხმება ევროპაში, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება გამორიცხავს ყველა სუბსტრატეგიული ბირთვულო იარაღის განთავსებას ისლანდიიდან ურალამდე.
- განახლებული ანტი-ბალისტიკური რაკეტების (ABM) შეთანხმება გამშვებების რაოდენობისა და მათი შესაძლო სიმძლავრის ლიმიტით.
- გაფართოებული სტრატეგიული იარაღის შემცირების (ახალი START+) შეთანხმება, რომელიც ამცირებს განლაგებული ქობინების რაოდენობას ყველა სილოზე დაფუძნებული ICBM-ის აღმოფხვრის გზით, სტრატეგიული სტაბილურობისთვის მათი საფრთხის გამო.
- გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების განხილვის თაობაზე მხოლოდ „გარდაუვალი ეგზისტენციალური საფრთხის“ შემთხვევაში, რომელიც განიხილება როგორც ნაბიჯი ბირთვული იარაღის „პირველად არ-გამოყენების“ პოლიტიკის განხორციელებისკენ.
ბირთვული უსაფრთხოების პრობლემები უკრაინაში
2022 წლის 30 დეკემბერს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ, განაცხადა, რომ გრძელდება კონსულტაციები უკრაინასა და რუსეთთან, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება სწრაფად ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურის (ZNPP)-ის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დაცვის ზონის შეთანხმებას და მის უზრუნველყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ ZNPP -ის პირდაპირი დაბომბვა არ მომხდარა, IAEA-ს ობიექტის დამკვირვებელმა ექსპერტებმა, IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისიის წევრებმა ზაპორიჟიაში (ISAMZ), განაცხადეს, რომ 30 დეკემბერს ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა, რომელიც, როგორც ჩანს, ობიექტიდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძილიდან მოდიოდა. აფეთქება სავარაუდოდ მოხდა წყლის არხთან, რომელიც აკავშირებს ზაპორიჟიის ელექტროსადგურის წყლის მომარაგების სისტემას მდინარე დნეპროსთან.
აფეთქების შედეგად, 30 დეკემბერს, უკრაინის ზაპორიჟიის ბირთვულ ელექტროსადგურის (ZNPP) 330 კვ-ანი სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა. ამის მიზეზი დაბომბვის შედეგად მიყენებული დაზიანება გახდა, რაც ხაზს უსვამს ობიექტის მყიფე შესაძლებლობას, დაცული იყოს ობიექტზე ელექტროენერგიის მიწოდება ქსელიდან. IAEA-ს დამკვირვებლების ცნობით, რომელებიც წარმოადგენენ IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისიას ზაპორიჟიაში (ISAMZ), მომდევნო დღეების მანძილეზე სამუშაო ხაზის შეკეთება ინტენსიურად მიმდინარეობდა, და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა მხოლოდ 2023 წლის 7 იანვრისათვის.
დღეისათვის ZNPP-ის ექვსივე რეაქტორი გამორთულია, ობიექტი აგრძელებს მუშაობას და საჭიროებს შეჩერების რეჟიმში მყოფი რეაქტორებისათვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდებას. ეს ელექტროენერგია ობიექტს სჭირდება სისტემის გაგრილებისთვის და სხვა არსებითი ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ზომების განსახორციელებლად. 30 დეკემბრამდე 2022 ობიექტს ელექტროენერგიით ამარაგებდა ოთხიდან ერთადერთი მოქმედი 750 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ეს ბოლო შესაძლებლობა აღდგეს რაც შეიძლება მალე, განაცხადა 30 დეკემბერს გენერალურმა დირექტორმა გროსიმ და გაიმეორა, რომ ყველა სამხედრო ქმედება, რომელიც პოტენციურად ემუქრება უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების (NPPs) ბირთვულ უსაფრთხოებას და დაცულობას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამასთან ერთად, IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისიის წევრები ზაპორიჟიაში (ISAMZ) შეშფოთებას გამოხატავენ ZNPP-ის ოპერატიული პერსონალის დაღლილობისა და სტრესის გამო, რომელიც გამოწვეულია სამუშაო საათების გაზრდის და დამატებით ცვლაში მუშაობის შედეგებით და ასევე, მიმდინარე კონფლიქტის მწვავე ზემოქმედების შედეგად.
გენერალურმა დირექტორმა გროსიმ არაერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ZNPP-ში რთული სამუშაო პირობების შესახებ. „ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების შვიდი შეუცვლელი საყრდენის მიხედვით, მოქმედ პერსონალს უნდა შეეძლოს შეასრულოს უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველმყოფი ვალდებულებები და ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების უნარი ზედმეტი ზეწოლის გარეშე“, დასძინა მან.
„ZNPP-ში მომუშავე მამაცი პერსონალი აგრძელებს მოვალეობების პროფესიონალურად შესრულებას; მათ გადაწყვეტილი აქვთ შეინარჩუნონ ობიექტის უსაფრთხო მუშაობა“, - აცხადებს IAEA გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი.
IAEA-ს დამკვირვებელი ექსპერტების ISAMZ ჯგუფი ასევე იტყობინება, რომ დეკემბრის ბოლოს დაიწყო ფუნქციონირება ოთხმა მოძრავმა დიზელის საწვავზე მომუშავე ქვაბმა, რომელთა რიცხვმაც ჯამურად მიაღწია რვას (დაგეგმილი ცხრიდან). 2023 წ. იანვრის დასაწყისში უკვე ცხრავე საქვაბე უზრუნველყოფდა დაახლოებით 34 მეგავატი გათბობის მიწოდებას ZNPP-ისთვის და ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარში. ცნობილია, ასევე, რომ ქალაქის მასშტაბით ფუნქციონირებს დამატებით 43 ქვაბი.
ცალკე, უკრაინამ აცნობა IAEA-ს, რომ ელექტროენერგიის წარმოების დონე ქვეყნის სამ სხვა ბირთვულ ელექტროსადგურზე სრულად აღდგა 2022 წლის ბოლო დღეებში სარაკეტო თავდასხმებიდან მომდინარე პრობლემების მოგვარების შემდეგ.
IAEA აგრძელებს მზადებას უახლოეს მომავალში IAEA-ს მუდმივმოქმედი დამკვირვებლების გუნდების განთავსებისთვის უკრაინის სხვა ოთხ ბირთვულ ობიექტზე - ხმელნიცკის, რივნესა და სამხრეთ უკრაინის ბირთვულ სადგურებზე, ასევე, ჩერნობილის ობიექტზე, როგორც ეს შეთანხმებული იყო პარიზში, 2022 წ. დეკემბერში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის შეხვედრისას IAEA-ს გენერალურ დირექტორთან გროსისთან. ეს მისიები მიზნად ისახავს უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების ტექნიკურ მხარდაჭერას და დახმარებას საჭიროებისამებრ, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალი დონის შესანარჩუნებლად და ბირთვული ინციდენტის ან ავარიის რისკიდან მომდინარე პოტენციური რადიოლოგიური ზემოქმედების შესამცირებლად მოსახლეობასა და გარემოზე.
გამოყენებული წყაროები:
Robert J. Goldston, Ending the war while ensuring Russia does not gain territory via nuclear coercion, Bulletin of the Atomic Scientists, 4 January 2023. Available at: https://thebulletin.org/2023/01/ending-the-war-while-ensuring-russia-does-not-gain-territory-via-nuclear-coercion/#post-heading
Update 137 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 23 December 2022. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-137-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine-0
Update 138 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 30 December 2022. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-138-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Update 139 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 6 January, 2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-139-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine
Update 140 – IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 7 January, 2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-140-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine