Ukraine war25

2023 წლის 8 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, პირველად განაცხადა მედიაში 2022-2023 წლებში უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული სპეციალური სამხედრო დაზვერვის ოპერაციების საიდუმლო დეტალების შესახებ. ბუდანოვის ინფორმაციიდან ყურადღებას იქცევს ინფორმაცია ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის (ZNPP) და მის მახლობლად ქალაქ ენერგოდარის შტურმის და სტრატეგიული ტერიტორიების განთავისუფლების მცდელობების შესახებ. ბუდანოვის განცხადების მიხედვით, უკრაინის კომანდოსებმა სამჯერ სცადეს ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის გათავისუფლება.

პირველი ასეთი მცდელობა მოხდა 2022 წლის აგვისტოში, რომლის მთავარი მიზანი რეგიონის მარცხენა სანაპიროზე ხიდის გადება იყო. რამდენიმე ათეულმა კომანდოსმა ნაწილობრივ შეასრულა ეს მისია, გადალახა კახოვკას წყალსაცავი ჩქაროსნული კატარღებით. თუმცა, ოპერაციამ არ გამოიღო სასურველი შედეგი, რადგან მოგვიანებით სამხედრო ნაწილები იძულებული გახდნენ გასულიყვნენ დაკავებული ტერიტორიიდან.

ამ თავდაპირველი წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინის სადაზვერვო შენაერთებმა განახორციელეს კიდევ ორი სადესანტო ოპერაცია მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ჯერ კიდევ რუსული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ეს მცდელობებიც ასევე წარუმატებელი იყო. მესამე ოპერაციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ლეგიონის ჯარისკაცები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი გამოცდილებით. ხანგრძლივი წინააღმდეგობის პირობებში, რუსული ძალები იძულებული გახდნენ მძიმე ტექნიკა განეთავსებინათ სანაპირო ზოლის გასწვრივ.

უფრო დეტალური ინფორმაცია უკრაინული ძალების მცდელობების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბრუნებას, არ არის ხელმისაწვდომი. ერთადერთი სანდო წყარო, რომელიც აღწერს ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას, არის IAEA-ის გენერალური დირექტორის მიერ რეგულარად გამოცემული განცხადებები.

2023 წლის სექტემბრის თვეში IAEA-ის გენერალური დირექტორის ანაგარიშების თანახმად, IAEA-ის ექსპერტების გუნდი აგრძელებს დაკვირვებას ZNPP-ზე შექმნილ ვითარებაზე: ისინი აგროვებენ ინფორმაციას, მუდმივად აკვირდებიან სიტუაციას მთავარ საკონტროლო ოთახებში და სასწავლო ცენტრში, სადაც განახლებულია ტრენინგების და ლიცენზირების საქმიანობა.

IAEA-ის ექსპერტების გუნდი, ასევე, მოითხოვს ექვსივე ტურბინის დარბაზში წვდომის უფლებას, რათა დარწმუნდეს რომ იქ არ არის განთავსებული საეჭვო მასალები და აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ZNPP-ის დაცვის ხუთ კონკრეტულ პრინციპს. ჯერჯერობით ეს მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული და გუნდს მხოლოდ ერთი ტურბინის დარბაზის დათვალიერება და იქ არსებული სტატუსის დადასტურება შეუძლია.

IAEA-ის ექსპერტები, ასევე ითხოვენ 1, 2, 5 და 6 რეაქტორის შენობების სახურავებზე წვდომის ნებართვას. IAEA ექსპერტთა გუნდი ასეთი წვდომისთვის ნებართვის მიღებას ოქტომბრის თვეში ელოდება.

ტერიტორიის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით, IAEA-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ ZNPP-მ დაასრულა მიწისქვეშა წყლების კიდევ ერთი ჭაბურღილის ბურღვა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიაზე წყლის აუზების მომარაგება. წყლის ეს რესურსი გამოიყენება რეაქტორის გაგრილებისთვის და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სხვა ფუნქციების განსახორციელებლად. ოთხი თვის წინ კახოვკას კაშხლის დანგრევის შედეგად წყლის მომარაგების სისტემა ბირთვულ ელექტროსადგურზე მნიშვნელოვნად შეფერხდა. დღეს უკვე გათხრილია 11 ჭაბურღილი, რომელიც საათში დაახლოებით 250 კუბური მეტრი წყლით ამარაგებს ინფრასტრუქტურას, რაც, ექსპერტთა შეფასებით, საკმარისი იქნებოდა თორმეტივე გამაგრილებელი აუზის დონის შესანარჩუნებლად. თუმცა, ჭაბურღილების მუშაობისას ადვილად ვლინდება გაუთვალისწინებელი ხარვეზები, რაც საჭიროებს ახლადშექმნილი ჭაბურღილების სისტემის უწყვეტ დაკვირვებას.

მაგალითად, IAEA-ის ექსპერტებმა 27 სექტემბერს დაკვირვებისას დააფიქსირეს, რომ წყლის დონე სამ აუზში შემცირდა წინა ვიზიტის შემდეგ და აუცილებელი გახდა ავზების შევსება, რათა წყლის დონე ნორმალურ ნიშნულზე დაბრუნებულიყო. 29 სექტემბრის მონაცემებით, ექსპერტთა გუნდი დააკვირდა აუზებში წყლის დონეს და დაადასტურა, რომ ყველა აუზის წყლის დონე ექსპლუატაციის ფარგლებში იყო. IAEA-ის ექსპერტები წყლის დროებითი კლების მიზეზს ეძებენ.

IAEA-ის ექსპერტთა გუნდი უკრაინის სამ სხვა ატომურ ელექტროსადგურზე და ჩერნობილის ობიექტზეც აგრძელებენ დაკვირვებას და იუწყებიან ამ ბირთვული ობიექტების უსაფრთხო და დაცულ მდგომარეობას, მიუხედავად შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისა უკრაინასა და რუსეთს შორის.

გერმანიის გრინფისი აკრიტიკებს გაეროს ატომური სააგენტოს საქმიანობას ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის საკითხის გარშემო

Greenpeace Germany-მ, გარემოსდაცვითი კამპანიის ჯგუფმა შეუკვეთა კვლევა სამხედრო ანალიზის კომპანიას, McKenzie Intelligence Services-ს, რომელსაც უნდა შეეფასებინა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციები ZNPP-ზე. გარემოსდაცვითი კამპანია აცხადებს, რომ ვითარება საშიშია ევროპის უდიდეს ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე, ობიექტი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში და იმართება რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის ROSATOM-ის წარმომადგენლების მიერ.

McKenzie-ის სპეციალისტებმა შეისწავლეს Planet Lab-ის SkySat სისტემიდან მიღებული სატელიტური გამოსახულება, რომელიც შეგროვდა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისამდე. მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა რუსული სამხედრო აქტივობის დეტალები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მოსკოვის ძალები იყენებდნენ ზაპორიჟიას ატომურ სადგურს სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნებისთვის. რუსული ძალების განლაგებით გამოწვეული სამხედრო საფრთხე არა მხოლოდ ბირთვულ ობიექტს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ მის მიმდებარე რეგიონსაც, განსაკუთრებით გარე ელექტრომომარაგების ქსელს.

ZNPP-ის ოკუპაციას ახორციელებს რუსეთის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი, რომლებიც უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარებიან. აქედან გამომდინარე, მისი მართვისა და კონტროლის ჯაჭვი გაცალკევებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან.

საოკუპაციო ძალები აღჭურვილია BTR-70 და BTR-80 ჯავშანტრანსპორტიორებით, კოშკურაზე დამონტაჟებული 30 მმ-იანი ქვემეხებით და საქალაქო საპატრულო და ნაღმებისგან დაცული ჯავშანტექნიკით. მის ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Ural და KAMAZ სამხედრო სატვირთო მანქანები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება აღჭურვილობისა და სახარჯო მასალების ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ჯარისკაცების ჩათვლით.

მოხსენების მომზადებისას ასევე გამოიყენებოდა გეოლოკაცია რუსული სამხედრო საცეცხლე პოზიციების დასადგენად ZNPP-ის ფარგლებში. გამოვლინდა რამდენიმე ადგილი, სადაც განთავსებული იყო BM-21 Grad და BM-30 Smerch მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები სისტემები (MLRS). შეიარაღება განთავსებული იყო ახლომდებარე დასახლებებში, მათ შორის მეზობელ ქალაქებში - ვოდიანე, ივანივკა და დნიპროვკა.

დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეს იარაღი განლაგებული იყო მათი მუდმივი განლაგების ადგილებიდან მოშორებით არსებულ საცეცხლე პოზიციებზე, საიდანაც ისინი უშვებენ რაკეტებს და შემდეგ დაუყოვნებლივ გადაადგილდებიან, რათა თავიდან აიცილონ საპასუხო ცეცხლი უკრაინის მხრიდან. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც არტილერია ბირთვული ელექტროსადგურის სიახლოვეს განლაგდა, რათა დაეცვა თავი უკრაინული საპასუხო დარტყმისაგან ZNPP-ის ადგილზე მყოფ ჯარებთან კოორდინირებით.

მოხსენებაში მიხედვით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბოლო დროს არსებითი ცვლილებებია რუსეთის ქმედებებში და, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ZNPP-ის ობიექტზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნისა და მოქმედებებისგან გამოწვეული საფრთხე კვლავ მაღალია.

რუსი სამხედროების ყოფნა და ROSATOM-ის საქმიანობა ზაპოროჟიის ობიექტზე არღვევს IAEA-ის პრინციპებს, რომლებსაც რუსეთმა ხელი მოაწერა გაეროს უშიშროების საბჭოში (UNSC) 2023 წლის მაისში, ნათქვამია მოხსენებაში.

Greenpeace ირწმუნება, რომ საერთაშორისო მარეგულირებლები ვერ ახერხებენ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ობიექტის სათანადო მონიტორინგს. ანგარიში განსაკუთრებით აკრიტიკებს IAEA-ის ძალისხმევას ZNPP-ზე უსაფრთხოების პირობების მონიტორინგისთვის და ასკვნის, რომ სააგენტო ამჟამად „ვერ ახერხებს, შეასრულოს მოთხოვნები საკუთარი მანდატის ფარგლებში“ და ვერ უზრუნველყოფს რუსეთის შესაბამისობას IAEA-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მაისში დადგენილ ხუთ პრინციპთან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილზე ოთხი ინსპექტორი არასაკმარისია ევროპის უდიდესი ატომური სადგურის დასაცავად და რომ ისინი, როგორც ჩანს, ეთანხმებიან რუსების მიერ დაწესებულ ბევრ შეზღუდვას გუნდის წვდომაზე, გადაადგილებაზე და ინსპექტირების წინასწარი შეტყობინების მოთხოვნაზე. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ IAEA-ის საჯაროდ არ უღიარებია ამ შეზღუდვების მასშტაბები, რის შედეგადაც რუსეთის მიერ უსაფრთხოების პრინციპების დარღვევა არ არის საჯარო განხილვის თემა.

გარემოს დაცვის ჯგუფმა განაცხადა, რომ IAEA-ის საბჭოს მიერ მიღებული მტკიცე პოზიცია რუსეთის მიერ ZNPP-ის ოკუპაციის შესახებ არ აისახება მათი წევრი მთავრობების ქმედებებში, რომლებმაც ვერ მიიღეს ეფექტური ზომები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აგრძელებს მონაწილეობას IAEA-ის ბირთვულ პროგრამებში.

IAEA-მ უარი თქვა პირდაპირ კომენტარის გაკეთებაზე Greenpeace-ის ანგარიშზე, მაგრამ განაცხადა, რომ მან ადგილზე განათავსა ინსპექტორები 2022 წლის სექტემბრიდან და რომ მათი ყოფნის გარეშე მსოფლიოს არ ექნებოდა ინფორმაციის დამოუკიდებელი წყარო ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოების შესახებ.

დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფს სესხის გარანტიას უკრაინის ბირთვული შესაძლებლობების გასაზრდელად

2023 წლის 22 აგვისტოს კიევში ვიზიტის დროს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის ეროვნულ ბირთვულ კომპანიას, Energoatom-ს, 192 მილიონი ფუნტის (240 მილიონი აშშ დოლარი) სესხის გარანტიას მისცემს დიდი ბრიტანეთის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოს, UK Export Finance-ის, მეშვეობით.

ბირთვული ენერგიის წილი უკრაინის ელექტროენერგიის სრულ გამომუშავებაში ნახევარზე მეტს შეადგენს ამიტომ, მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა კიევისა და მისი პარტნიორებისთვის პრიორიტეტად იქცა. რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინა ცდილობს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა რუსული ბირთვული საწვავისგან. გასული წლის ივნისში უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან საწვავის მიწოდებაზე მისი ყველა ბირთვული ელექტროსადგურისთვის.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, გრანდ შაპსმა, განაცხადა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია პუტინის ბარბაროსული შეჭრის ფონზე. დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, რადგან უკრაინელები იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს და აღადგენენ თავიანთ ქვეყანას. ახალი გარანტიები დააფინანსებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანია Urenco-ს, რომელიც 2009 წლიდან არის Energoatom-ის ურანის გამდიდრების სერვისების მიმწოდებელი, რათა უზრუნველყოს დამატებითი მხარდაჭერა ქვეყნის ატომურ ინდუსტრიაში, დაეხმაროს ქვეყნის დამოკიდებულების შეწყვეტას ბირთვულ სერვისებზე და ბირთვულ საწვავზე რუსეთისგან, და ხელი შეუწყოს, ასევე, ვლადიმერ პუტინის შემდგომ იზოლაციას.

მოგვიანებით მან დაამატა: პუტინმა ენერგია გამოიყენა ომის იარაღად. დღევანდელი აქცია ბირთვული საწვავის მიწოდების მხარდასაჭერად დაეხმარება უკრაინას, შეწყვიტოს დამოკიდებულება რუსეთის მიწოდებაზე და გააძლიეროს მათი ენერგეტიკული უსაფრთხოება.

დიდი ბრიტანეთის არასამხედრო დახმარება უკრაინისთვის თითქმის 5 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე (6,3 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზრდება.

გაერთიანებული სამეფოს უახლესი ვალდებულება მოსდევს G7-ის განცხადებას, რომელიც გაკეთდა იაპონიის სამიტის დროს მაისში, ახალი ბირთვული საწვავის ალიანსის შესახებ, და რომელიც მიზნად ისახავს სექტორის გაძლიერებას და რუსეთის მიწოდებაზე დამოკიდებულების დასრულებას.

ფინანსური დახმარება, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანისა და მისი მიწოდების შესანარჩუნებლად, უზრუნველყოფილია ევროპის „უკრაინის ენერგიის მხარდაჭერის ფონდის“ მეშვეობით.

გამოყენებული წყაროები:

Operations on behalf of GUR. Crimea, Energodar, "propeller wing" – NV Premium, October 8, 2023. Available at: https://nv.ua/ukr/ukraine/events/visadka-gur-i-vikladennya-gelikoptera-budanov-pro-podrobici-usih-uspishnih-operaciy-proti-rf-50358758.html

Ukraine Commandos Tried to Liberate Zaporizhzhia Nuclear Plant 3 Times, Budanov Says, Kyiv Post- Ukraine’s Global Voice, October 9.2023. Available at: https://www.kyivpost.com/post/22499

Update 185 - IAEA Director General Statement on Situation in Ukraine, 29.09.2023. Available at: https://www.iaea.org/newscenter/pressreleases/update-185-iaea-director-general-statement-on-situation-in-ukraine

Greenpeace Dossier Highlights Continuing Safety Concerns at Zaporizhzhia NPP, by Steve Brown, Kyiv Post –Ukraine’s Global Voice, 28.09.2023. Available at: https://www.kyivpost.com/post/22103

UK to Provide Loan Guarantee to Enhance Ukrainian Nuclear Capability, Kyiv Post- Ukraine’s Global Voice, 23.08.2023. Available at: https://www.kyivpost.com/post/20853

 

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.