ფრანცისკო დიაზ-მაურინის ინტერვიუ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის სფეროს უკრაინელ ექსპერტთან, ვალერია ჰესესთან, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს.

Ukraine war9

IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი, და ინსპექტორების დელეგაციის წევრები ამოწმებენ ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებული რაკეტის ნარჩენებს, 1 სექტემბერი 2022.

ბირთვული ექსპერტები საუბრობენ ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე. მათ აზრით, ელექტროენერგიის მომარაგების დაკარგვამ, ადამიანურმა შეცდომამ, სამხედრო ქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოებას. გასული თვეების განმავლობაში ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგური მრავალჯერ იყო გამორთული ელექტრომომარაგების ცენტრალიზებული სისტემიდან, ხოლო მისი თანამშრომლებისთვის გაუსაძლისი სამუშაო პირობების შექმნა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ზრდას ობიექტის შიდა ტერიტორიაზე და მის მახლობლად.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარებმა ზაპორიჟიის რეგიონში რეაქტიული არტილერია არაერთხელ გამოიყენა. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ინჟინერი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა განათავსეს საარტილერიო და სარაკეტო სასროლი მოწყობილობები ქარხნის შიგნით და მის გარშემო კახოვის წყალსაცავის მახლობლად. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ZNPP-ზე განლაგებული იარაღის ტიპებს, არამედ უფრო მეტად მის ირგვლივ განლაგებული იარაღის ტიპებს, რომლებსაც შეუძლიათ მისწვდნენ ქარხნის შენობებს.

ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები ZPNN-ს მიმდებარე ტერიტორიას ბომბავს და რომ ბირთვული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია „გრადის“ სისტემები. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ინარჩუნებს გაძლიერებულ სამხედრო ძალებს ბირთვულ ელექტროსადგურზე, ჯავშანტრანსპორტიორები განლაგებულია მე-5 რეაქტორიდან მხოლოდ 60 მეტრში. 2022 წლის 25 აგვისტოს უკრაინის ბირთვული ენერგიის გენერაციის კომპანიამ, Energoatom-მა, განაცხადა, რომ ორივე ბლოკს, მე-5-ს და მე-6-ს, დროებით არ მიეწოდებოდა გარე მომარაგების ელექტროენერგია, რამაც გამოიწვია გადაუდებელი დაცვის სისტემების გამორთვა. 1 სექტემბერს, ნაღმტყორცნებით დაბომბვის გამო, საგანგებო დაცვამ კვლავ გამოიწვია მე-5 განყოფილების გამორთვა და დაზიანდა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზიც. ობიექტის თანამშრომლებმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი და ხუთი-ექვსი სატრანსპორტო მანქანა ესტაკადების ქვეშ, ასევე სხვა სამხედრო აღჭურვილობა პირველი და მეორე ენერგობლოკების ტურბინების განყოფილებებში. გარდა ამისა, თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთმა ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ესროლა უკრაინულ დრონებს და სამრეწველო ობიექტს და ქალაქ ენერგოდარს, ამავდროულად დაადანაშაულა უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ თავდასხმების განხორციელებაში.

როგორ საფრთხეს ქმნის რუსეთის შეიარაღება ზაპორიჟიის ბირთვული ელექტროსადგურისათვის

„გრადი“ არის საბჭოთა და რუსული რეაქტიული საცეცხლე სისტემა (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ან MLRS) 122 მილიმეტრიანი (მმ) (9K51) კალიბრის. „გრადის“ M-21OF-ის ყველაზე გავრცელებული ჭურვი (ინდექსი 9M22U) იწონის 66 კგ-ს და აღჭურვილია 6,4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით, ქობინით. ჭურვის მაქსიმალური სიჩქარეა 690 მ/წმ (დაახლოებით ორჯერ მეტი ბგერის სიჩქარეზე - 330 მ/წმ). ჭურვის აფეთქების ენერგია არის დაახლოებით 10 კგ ტროტილის ეკვივალენტი, ან 12 კგ ტროტილის ეკვივალენტი, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე საარტილერიო ჭურვებში გაზრდილი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას. თავის მხრივ, „პიონი“, რომელიც ასევე განლაგებულია რეგიონში, არის საბჭოთა წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც აღჭურვილია 203 მმ კალიბრის იარაღით (2A44). Pion-ის საბრძოლო მასალა დატვირთულია OF-43 მაღალი ფეთქებადი ფრაგმენტაციის ჭურვებით და აქტიური სარაკეტო ჭურვებით. OF-43 ჭურვი იწონის 110 კგ-ს და შეიცავს 17,8 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებას და მოძრაობს 960 მეტრი წამში სიჩქარით. ამ ჭურვის ასაფეთქებელი ენერგია არის დაახლოებით 30 კგ ტროტილის ეკვივალენტი, ან 35 კგ ტროტილის ეკვივალენტი უფრო თანამედროვე ასაფეთქებელი მოწყობილობისათვის.

რეაქტორის დამცავი/შემაკავებელი კედელი აგებულია ისე, რომ გაუძლოს უზარმაზარ შიდა და გარე დარტყმით ძალებს. გარსის სიმტკიცეს აქვს უსაფრთხოების ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაუძლოს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე პროექტით გათვალისწინებულ მაქსიმალურ შესაძლო ავარიას. როგორც წესი, რეაქტორის დამცავი/შემაკავებელი კედელი შექმნილია იმ მიზნით, რომ გაუძლოს 300 ტონაზე მეტი კომერციული თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომელიც მოძრაობს 700 კმ/სთ სიჩქარით. ეს ნიშნავს, რომ გამაგრებულ სტრუქტურას შეუძლია გაუძლოს 70 x 108 ჯოულზე მეტ გარე ძალას, რაც თითქმის 1,7 ტონა ტროტილის ეკვივალენტია.

ZNPP -ს რეაქტორის დამცავი/შემაკავებელი კედლის ზედაპირი, ასევე, პროექტის მიხედვით გადაურჩება დარტყმით ტალღას შეკუმშვის წნევით 30,000 პასკალი (დაახლოებით 4,3 ფუნტი კვადრატულ ინჩზე ან 0,3 ატმოსფერო). შედარებისთვის, Grad-ისა და Pion-ის ჭურვის აფეთქების წნევა 20 სანტიმეტრ მანძილზე (ერთ ფუტზე ნაკლები) თითქმის 36,000 და 50,000 კილოპასკალი იქნება. M-21OF აფეთქებით ან OF-43 აფეთქებით 30,000 პასკალის წნევის ბარიერი მიიღწევა მხოლოდ 11,5 მეტრის (37 ფუტი) ან 16 მეტრის (52 ფუტის) დაშორებით რეაქტორის შემაკავებელი შენობიდან.

ამგვარად, ზედაპირული შეფასებით, მძიმე არტილერიას, რომელიც განთავსებულია ZNPP-ს მახლობლად, აქვს შესაძლებლობა დააზიანოს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის შემაკავებელი კედელი, თუკი ამის განზრახ მცდელობა იქნება და თუ თანმიმდევრული დარტყმები განხორციელდება ერთსა და იმავე ზონაში დამიზნებით. ფიზიკოსმა ფერენც დალნოკ-ვერესმა მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტიდან განაცხადა, რომ დარტყმის შემთხვევაში ზემოქმედების ზუსტი წნევა ერთეულ ფართობზე განსხვავებული იქნება თვითმფრინავისა და ჭურვის წინა ზედაპირის ზომისა და ფორმის მიხედვით. „შეგიძლიათ ზემოქმედება შეადაროთ, როგორც არსებული განსხვავება თითით და ნემსით ქსოვილის ჩხვლეტას შორის“, - თქვა მან. თუმცა, თუ ნაკლებად ძლიერი არტილერია იქნება გამოყენებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს რეაქტორის სამუშაო ზონის დაზიანება ერთი დარტყმით.

ამგვარად რეაქტორის შემაკავებელი კედელი იმ გათვლით არ არის შექმნილი, რომ გაუძლოს რაკეტის დარტყმას, როგორიცაა კალიბრის ან ტოჩკა-U რაკეტის დატყმას. ერთ-ერთი ასეთი რაკეტა რეაქტორიდან 47 მეტრის დაშორებითაც თუ მოხვდა, ის შექმნის დარტყმით ტალღას, რომელიც აღემატება დაცვის კედლის სიმტკიცის შესაძლო ლიმიტს.

პრობლემა ის არის, რომ ამ იარაღიდან ბევრს, მათ შორის Grad, Pion და Tochka-U-ს, იყენებენ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის სამხედრო ძალები, რაც შესაძლებელს ხდის ორივე მხარის დადანაშაულებას ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ობიექტის თანამშრომლებმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა თავიდანვე დაგმეს რუსული ძალები, როგორც პასუხისმგებელნი ZNPP-ის დაბომბვაზე.

ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე, განზრახ მძიმე საარტილერიო დაბომბვის ან სარაკეტო დარტყმისას ნამდვილად არსებობს რეაქტორის შემაკავებელი კედლის დაზიანების მაღალი ალბათობა. თუ კონკრეტულ სისტემებზე ვსაუბრობთ, შეტევითი თვითმფრინავების ტვირთამწეობა, როგორიცაა რუსეთის მიერ უკრაინაში განლაგებული Kub, Lancet, Orion და Forpost, რომლებსაც აქვთ იგივე ასაფეთქებელი ენერგია, როგორც მცირე კალიბრის არტილერიას, აქვთ მცირე შანსი, დააზიანონ დაცვის კედელი და შეაღწიონ რეაქტორის სამუშაო ზონაში.

როგორია ბირთვული კატასტროფის მოხდენის ალბათობა ZNPP-ის მახლობლად?

ბირთვული ავარიის რისკის მიუხედავად, წარმოუდგენელია, რომ ZNPP-ზე მოხდეს ისეთი თერმოქიმიური აფეთქება, როგორიც ჩერნობილში მოხდა. ორმა ფაქტორმა (რეაქტორის დიზაინის ხარვეზებმა და ადამიანურმა შეცდომებმა) გამოიწვია ავარია ჩერნობილში. მაგრამ ZNPP-ს აქვს სხვა ტიპის რეაქტორი. თუმცა, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ იაპონიაში ფუკუშიმას კატასტროფის მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდეს.

ჩერნობილში ბირთვულმა ავარიამ გამოიწვია რეაქტორის სამუშაო ზონაში (ბირთვში) ინტენსიური ორთქლის აფეთქება და რადიოაქტიურობის პირდაპირ ატმოსფეროში გათავისუფლება. (RBMK-ის ტიპის რეაქტორს არ გააჩნდა შემაკავებელი სტრუქტურა.) ფუკუშიმაში სტიქიამ გამოიწვია რეაქტორის გაგრილების სისტემის გათიშვა და ბირთვში აფეთქებები არ მომხდარა. ამის ნაცვლად, ტემპერატურის მატება, დაჟანგვა და ბირთვების დნობა თანდათანობით ხდებოდა დროთა განმავლობაში, ხოლო რადიოაქტიური გამოყოფა ნაწილობრივ შემოიფარგლებოდა შეამაკავებელი კედლით (ნაწილობრივი გათავისუფლება საჭირო იყო შემაკავებელი კედლის შიგნით შიდა წნევის შესანარჩუნებლად მისი დიზაინის ლიმიტის ქვემოთ.)

ორი ყველაზე სავარაუდო სცენარი, რომელიც საფრთხეს უქმნის ZNPP-ის უსაფრთხოებას, არის ჭურვები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს გამომუშავებული საწვავის დროებით საცავს ან დაზიანდეს ობიექტის გაგრილების სისტემები. კიდევ ერთი სცენარი არის მართვის ოთახის აფეთქება ელექტროენერგიის გამომმუშავებელ ბლოკებში, რომლებიც მდებარეობს შემაკავებელი კედლის გარეთ. თუმცა, ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი სცენარისთვის.

6 აგვისტოს რუსული საბრძოლო იარაღი დაეცა უშუალოდ გამომუშავებული ბირთვული საწვავის საცავის გვერდით და დააზიანა რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი ტერიტორიის მახლობლად. ეს უკვე საფრთხეს უქმნის ბირთვული ობიექტის უსაფრთხოებას, რადგან რადიაციის დონის გაზრდის შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მისი დროული გამოვლენა და რეაგირება. თუ მოხდა უშუალოდ საცავის აფეთქება, თავად დახარჯული საწვავი არ გამოიწვევს დამატებით აფეთქებას, მაგრამ რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტება. შემდგომი რადიოლოგიური დაბინძურების ხარისხი უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში იქნება დამოკიდებული ამინდის პირობებზე.

თავის მხრივ, თუ რეაქტორის გაგრილების სისტემები მწყობრიდან გამოვა, საწვავი გადახურდება, რაც პირობებს შექმნის ფუკუშიმას ტიპის ავარიისთვის. მაშინაც კი, როდესაც რეაქტორი არ ფუნქციონირებს, საწვავის კომპონენტები იშლება, წლების განმავლობაში ასხივებენ ზედმეტ სითბოს რეაქტორის ბირთვიდან გამომუშავებული საწვავის საცავში გატანის შემდეგ, რომელიც ასევე საჭიროებს გაგრილებას. გაგრილების არარსებობის შემთხვევაში, გადახურება აზიანებს საწვავის ღეროებს და შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური იზოტოპების დნობა და გამოყოფა, ხანმოკლედან ნახევრადგამოყოფის ძალიან დიდი დროის მქონე იზოტოპებამდე, რაც იწვევს როგორც მყისიერ, ისე ხანგრძლივ ზიანს ადამიანების ჯანმრთელობაზე და გარემოში.

უკრაინის ბირთვული ენერგიების გენერაციის კომპანია, Energoatom, აცხადებს რუსეთის სურვილის შესახებ, რომ გაწყვიტოს ZNPP უკრაინის ელექტროქსელიდან და დააკავშიროს ის ოკუპირებულ ყირიმთან და რუსეთის ენერგოსისტემასთან. თუმცა, უკრაინისა და რუსეთის ელექტროგადამცემი ქსელების სიხშირე განსხვავებულია. უკრაინის ბადე იყენებს სიხშირეს, რომელიც სინქრონიზებულია ევროპულ ქსელთან. ქარხნის უკრაინული ქსელიდან გათიშვა და მისი რუსულ ქსელთან დაკავშირება მოითხოვს ქარხნის სრულ და კარგად მომზადებულ გათიშვას. ეს ნიშნავს უკრაინის სისტემასთან დაკავშირებული ყველა ელექტროგადამცემი ხაზის სრულ გათიშვას. რუსეთი არ უარყოფს თავის გეგმას ბირთვული ობიექტის ელექტროენერგიის ქსელის ყირიმთან მიერთების შესახებ. 25 აგვისტოს ქარხნის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა განზრახ დააზიანეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც აკავშირებს ZNPP-ს უკრაინის ქსელთან.

თუმცა, უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის ატომურმა ელექტროსადგურმა მუდმივად უნდა გადასცეს მის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე ქსელის სისტემას; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოქმედდება საგანგებო დაცვის სისტემები, რომლებიც აჩერებენ რეაქტორებს. გამორთვა ასევე გამორთავს გაგრილების სისტემას და დატოვებს დიზელის გენერატორებს, როგორც ერთადერთ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომია ტუმბოების მუშაობის გასაგრძელებლად. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ქარხანაში 25 აგვისტოს, როდესაც ელექტროგადამცემი ხაზები გაითიშა ქარხნის მახლობლად მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო და უსაფრთხოების ავტომატურმა სისტემებმა გააჩერა ორი რეაქტორი (მე-5 და მე-6 ერთეული), რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდნენ. ელექტროენერგიის დაკარგვის შემდეგ დიზელის გენერატორები ამუშავდა და გაგრილების სისტემა განაგრძობდა მუშაობას, რამაც თავიდან აიცილა ბირთვული კატასტროფა. გენერატორების გაფუჭების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე და მათი გაგრილების გარეშე, დნობა მხოლოდ 90 წუთის შემდეგ დაიწყება.

ინციდენტის შემდეგ, Energoatom-მა განაცხადა, რომ ორივე რეაქტორი კვლავ დაუკავშირდა უკრაინულ ქსელს. თუმცა, გენერატორებს შეუძლიათ შეზღუდული დროით იმუშაონ საგანგებო სიტუაციებში და სიტუაცია მოითხოვს გარე ელექტრომომარაგების რაც შეიძლება მალე აღდგენას. თავად გენერატორების მდგომარეობა უცნობია; IAEA-ს მისიას მოუწევს შეამოწმოს, არის თუ არა ისინი სამუშაო მდგომარეობაში. ასევე ჩნდება კითხვა, რამდენი დიზელი (საწვავი) არის საიტზე.

ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ ავტომატური სისტემების მუშაობა, როგორც დაგეგმილი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანურმა ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩერნობილის ავარიაში. ამჟამად, ZNPP-ის პერსონალი მუშაობს რუსეთის მკაცრი ზეწოლის ქვეშ, თითქმის ყოველდღიური დაბომბვის პირობებში. ამის გამო თანამშრომლები ქარხნის მუშაკების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კრიტიკულად თვლიან. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანური შეცდომის რისკს.

ZNPP ოკუპირებულია 4 მარტიდან, ხოლო დაბომბვა გაგრძელდა 5 აგვისტოდან, რამაც უამრავი რისკი შექმნა ბირთვულ ობიექტზე. კერძოდ, იმ დღეს სამი ჭურვი დაეშვა ერთ-ერთ რეაქტორთან. არსებობდა წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების დაშლის, აგრეთვე ხანძრის მაღალი საშიშროება. სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და კომბინირებული დამხმარე შენობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა ასევე იტყობინება, რომ 13 აგვისტოს რუსულმა დაბომბვამ დააზიანა სატუმბი სადგურის საკომუნიკაციო სახელოსნოს პირველი განყოფილება და ნაწილობრივ გაანადგურა სახანძრო სადგური, რომელიც პასუხისმგებელია ZNPP-ის უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, სამხედრო სატვირთო მანქანები ბლოკავს მისასვლელს ქარხნის ტურბინის ზონებში, რაც შეაფერხებს ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. როგორც ჩანს, სიტუაცია ZNPP-ზე და მის გარშემო არის არასტაბილური, რაც ქმნის მნიშვნელოვან რადიაციულ რისკებს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ობიექტის მილიტარიზაციის გამო.

IAEA მისია და მისიის არსებულ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობები რუსეთის ოკუპაციის პირობებში

11 აგვისტოს უკრაინამ მოითხოვა რუსეთისგან განცხადება, რომ იგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დათანხმდებოდა IAEA-ს მისიის განხორციელებას ZPNN-ზე, არ შეუშლიდა ხელს მისიის გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე, გაიყვანდა თავის ჯარებს, იარაღსა და აღჭურვილობას ქარხნიდან. რუსეთის მხრიდან მოთხოვნებზე საწყისი თანხმობის მიღებას რამდენიმე კვირა დასჭირდა, რაც მან 27 აგვისტოს გააკეთა. IAEA-ს მისია სექტემბრის დასაწყისში ქარხანაში ვიზიტით იმყოფებოდა, რომელსაც თავად IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობდა.

ცხადია, ქარხნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა არის რუსული ძალების გაყვანა შენობებიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა. ეს საშუალებას მისცემს IAEA-ს გუნდს, უსაფრთხოდ გადაადგილდეს ობიექტში, ჩაატაროს ინსპექტირება და შეაფასოს ბირთვული უსაფრთხოება, დაცულობა და უსაფრთხოების ზომები ZNPP-ზე.

თუმცა, რუსეთი კვლავ უარყოფს ამ წინადადებას. ეს უბრალოდ მათ ინტერესებში არ არის, რადგან მათ იციან, რომ IAEA-ს პოზიციაა, რომ უკრაინას აქვს სუვერენული უფლება სადგურზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველი, რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ ქარხნის დემილიტარიზაცია მას უფრო „დაუცველს“ გახდის, მაგალითად, საშუალებას მისცემს IAEA-ს, აიღოს კონტროლი ქარხანაზე და შემდგომში კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას. მეორე, ZNPP-ის მილიტარიზაცია რუსეთს აძლევს ძლიერ ბერკეტს, რადგან უკრაინულ ჯარებს გაუჭირდებათ ზაპორიჟიას რეგიონის დაბრუნება, თუ რუსული ჯარები შექმნიან სამხედრო ბაზას, რომელსაც უკრაინის ძალები ვერ დაუმიზნებენ.

გარდა ამისა, რუსეთი იყენებს ბერკეტს, რომ ობიექტზე პროვოკაციები შექმნას და ამაში უკრაინული მხარე დაადანაშაულოს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ცრუ დროშის ოპერაციების შესახებ, მაგალითად, როდესაც რუსებმა ენერგოდარში მიიტანეს სამხედრო შეიარაღება - პიონები - უკრაინის დროშის ქვეშ წარწერით „Z“. ამ ყველაფერმა უნდა მოახდინოს უკრაინის დისკრედიტაცია პარტნიორების თვალში და აიძულოს ისინი, ზეწოლა მოახდინონ უკრაინაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად რაც შეიძლება სწრაფად. იქმნება უკონტროლო ტრანსსასაზღვრო რადიაციის გაჟონვის საფრთხე, რომელიც პოტენციურად მიაღწევს ევროპის სხვა ქვეყნებს. მესამე, ZNPP იქნება გადამწყვეტი ენერგიის წყარო ოკუპირებული ყირიმისა და სამხრეთ უკრაინისთვის. ქარხანა სასარგებლოა რუსეთისთვის ამ ტერიტორიების ოკუპაციის დროს. გარდა ამისა, შიდა ელექტროენერგიის წარმოების 20 პროცენტის ჩამორთმევა დამატებით ზეწოლას ქმნის უკრაინაზე, განსაკუთრებით მომავალი ზამთრის მოსალოდნელი ენერგეტიკული კრიზისის გამო.

არის თუ არა რუსეთის ქმედება „ბირთვული ტერორიზმი“?

ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის თანახმად (2005), აქტორი ექვემდებარება ბირთვული ტერორისტის განმარტებას, თუ ის „რამენაირად იყენებს რადიოაქტიურ მასალას ან მოწყობილობას, ან იყენებს ან აზიანებს ბირთვულ ობიექტს იმ გზით, რომელიც ათავისუფლებს ან რისკავს რადიოაქტიური მასალის გამოყოფას: (i) სიკვდილის ან სერიოზული სხეულის დაზიანების განზრახვით; ან (ii) ქონების ან გარემოსთვის არსებითი ზიანის მიყენების განზრახვით; ან (iii) ფიზიკური ან იურიდიული პირის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოს იძულების განზრახვით, რომ განახორციელოს ან თავი შეიკავოს კონკრეტული მოქმედებისგან“. ტექსტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოთა სამხედრო ძალების საქმიანობა რეგულირდება კონვენციის ფარგლებში. თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ ის უკანონო ქმედებებს არ გარდაქმნის კანონიერად, და არ გულისხმობს სხვა კანონებით დევნას.

მანამდე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 1996 წლის 8 ივლისის საკონსულტაციო დასკვნამ ეს კიდევ ერთხელ განმარტა არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების განხილვისას. ეს მოიცავდა 1977 წლის ჟენევის 1949 წლის ჟენევის კონვენციების დამატებით 1 ოქმს, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც კრძალავს „საომარი მეთოდების ან საშუალებების გამოყენებას, რომლებიც გამიზნულია ან მოსალოდნელია, რომ გამოიწვიოს ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და მძიმე ზიანი;“ 1972 წლის სტოკჰოლმის დეკლარაციის 21-ე პრინციპი და 1992 წლის რიოს დეკლარაციის მე-2 პრინციპი აკისრებს სახელმწიფოებს მოვალეობას „უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათმა იურისდიქციისა და კონტროლის ფარგლებში მოქმედებებმა ზიანი არ მიაყენოს სხვა სახელმწიფოების გარემოს ან ეროვნული იურისდიქციის საზღვრებს მიღმა ტერიტორიებს“. ეს პრინციპები გამოიყენება ნებისმიერ დროს, ომის თუ მშვიდობის დროს.

თუ კატასტროფა მოხდება ZNPP-ზე, შედეგები ფართოდ გავრცელდება და ტრანსსასაზღვრო ეფექტი ექნება. ზაპორიჟიაზე ავარიის საფრთხე გაჩნდა რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო, რომელმაც ატომური ელექტროსადგური სამხედრო ობიექტად აქცია. ასე რომ, თუ უბედური შემთხვევა მოხდა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს იქნება რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი.

ომიდან ექვსი თვის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდების სამდღიანმა გეგმამ არ გაამართლა. დანაკარგები აღჭურვილობითა და ადამიანური ძალით აღემატება მოსალოდნელს, რის გამოც რუსეთი იძულებული გახდა გამოეყენებინა ვადაგასული ძველი შეიარაღების სისტემები და გაეზარდა შეიარაღებული ძალების ზომა, რათა თავიდან აეცილებინა ეგრეთ წოდებული ზოგადი მობილიზაცია. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები ანგრევს რუსეთის ეკონომიკას. შესაბამისად, რუსი ოფიციალური პირები უფრო ხშირად უბრუნდებიან მოლაპარაკების რიტორიკას. პუტინს სურს სტატუს კვოს დაფიქსირება ახლა, როდესაც უკრაინის პოზიცია ძლიერია და ტერიტორიის დაბრუნების პერსპექტივისკენაც კი უბიძგებს. მაგრამ სტატუს კვოს შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ დროებითი გამოსავალი იქნება. ის იმოქმედებს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას და არ გადაწყვეტს ომის გაგრძელებას. ამიტომ მსოფლიომ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს ბირთვული ტერორისტული აქტების ჩადენაზე, განაგრძოს პუტინზე ზეწოლა ქარხნის დემილიტარიზაციისთვის და თავიდან აიცილოს რაიმე დათმობა აგრესორის მიმართ.

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.