დასავლური მედია ივლისის თვეში აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსეთი იყენებს ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურს, როგორც სამხედრო ბაზას შეტევის განსახორციელებლად, რაც უკიდურესად ზრდის ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ელექტროსადგურია და მის ტერიტორიაზე 6 რეაქტორია განთავსებული, რომელთაგან 3 ოპერირებს. ზაპორიჟიეს ელეატროსადგურს შეუძლია გამოიმუშავოს უკრაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის 20%, და მისი გამორთვა ელექტროქსელიდან გამოიწვევს ელექტროენერგიის მნიშვნელოვან დანაკლისს.
ამიტომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა. ელექტროსადგურის ტერიტორიას 2022 წლის 4 მარტის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. უკრაინის არმია აკონტროლებს ქალაქებს მდინარე დნეპრის მოპირდაპირე ნაპირზე, დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით.
ზაპორიჟიას შემთხვევა პირველია ბირთვული ელექტროსადგურების ისტორიაში, როდესაც მოხდა ბირთვული სადგურის ოკუპაცია დამპყრობი ქვეყნის მხრიდან.
მედიის ცნობით, ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგური 500-ზე მეტმა რუსმა ჯარისკავმა 4 მარტს დაიკავა. მას შემდეგ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექტორატის განცხადებით, მძიმე საარტილერიო ქვემეხები და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები განთავსებულია იმ წყალსაცავის ნაპირებთან, რომლის წყალიც ემსახურება და აციებს ექვსივე რეაქტორს. ივნისში რუსულმა ძალებმა ბირთვული ობიექტის ტერიტორიაზე განალაგეს Smerch და Grad MRLS სისტემები, ასევე ტანკები და AMPV. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის, Rosatom-ის, უფროსმა ტექნიკოსებმა დაუშვეს, რომ სამხედრო შეიარაღება განეთავსებინათ ობიექტის ქვეშ დაცულ ბუნკერშიც. რუსული ჯარები, ასევე, იმუქრებოდნენ გაგრილების აუზების დაცლით, რათა ეპოვათ იარაღი, რომელიც, მათი აზრით, უკრაინელი წინააღმდეგობის მებრძოლებმა წყალში დამალეს. ამან შეიძლება სერიოზული გამოწვევა შეუქმნას ქარხანას, რომელიც უწყვეტად საჭიროებს გაფილტრული წყლის სტაბილურ ნაკადს მისი რეაქტორების და გამოყენებული საწვავის ღეროების გასაგრილებლად.
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექტორატი აცხადებს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ რუსები მალავენ მძიმე ტექნიკასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს სადგურის ტერიტორიაზე. ასევე, არის ეჭვი, რომ რუსები ახორციელებენ ტერიტორიის დანაღმვას. იქ განთავსებული ცოცხალი ძალა და სამხედრო მანქანები გზას უღობავენ დანიშნულებისათვის შესულ მანქანებს. მსგავსი ქმედება დაუშვებელია რეაქტორების ტერიტორიაზე, რადგან საგანგებო სიტუაციების დროს გზა ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი სახანძრო მანქანებისათვის, რომლებიც უნდა იყვნენ ადგილზე ინციდენტის დროს. ობიექტის მზარდმა მილიტარიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი ბირთვული კატასტროფა უკრაინაში.
გარდა ამისა, ივლისის თვეში ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ჯარები აშინებენ და ატერორებენ ბირთვული ელექტროსადგურის თანამშრომლებს. რუსები ქარხნის ზოგიერთ თანამშრომელს იტაცებენ და გამოსასყიდს ითხოვენ სანაცვლოდ. ქარხნის 11000 თანამშრომლიდან 40-ზე მეტი ადამიანი ივლისის ბოლოს ტყვეობაში იმყოფებოდა.
ბირთვული ობიექტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ რუსული ძალები აკავებენ სულ უფრო და უფრო მეტ სამოქალაქო პირს ”დამპყრობლებს აქვთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა - ფულის გამო გატაცება”, - თქვა დმიტრო ორლოვმა, ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის მერმა, რომელიც ქალაქიდან გაიქცა, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა აიღეს ენერჰოდარი. „ყოველდღე ჩვენ ვიღებთ ორ-სამ ცნობას ახალი გატაცების შესახებ. ხალხს მასობრივად იტაცებენ“.
ბირთვული ელექტროსადგურის თანამშრომლებისა და მენეჯმენტის თქმით, ეჭვმიტანილმა რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს, სცემეს, აწამეს და აშიმშილეს მოტაცებული პერსონალი. მაისში რუსებმა დახვრიტეს 53 წლის სერხიი შვეცი, ობიექტის ტექნიკოსი, რომელსაც ბრალი დასდეს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ინფორმაციის გადაცემაში.
ამგვარად, ივლისში და აგვისტოს დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია არ იძლევა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დამშვიდების საშუალებას. ამ პერიოდში უწყვეტად ვრცელდება ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ზაპორიჟიას ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გაისროლეს უკრაინის ძალების მიმართულებით, თავად უკრაინელებს კი არ შეუძლიათ სამიზნედ აირჩიონ ეს ტერიტორია.
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექტორატის (SNRIU - State Nuclear Regulatory Inspectorate of Ukraine) ტელეგრამის არხით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე (კიევის დროით), რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაბომბეს ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია. დაბომბვის შედეგად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და მასთან მდებარე დამხმარე შენობა. ასევე, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ZNPP-ის 330 კვ VRP ავტოტრანსფორმატორი - ზაპორიჟიას მაღალი ძაბვის საკომუნიკაციო ხაზი. დაბომბვის შედეგად ელექტროსადგურის ერთ-ერთ რეაქტორზე (მეოთხე ბლოკზე) გააქტიურდა საგანგებო დაცვა და ჩაირთო დიზელის გენერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების სისტემების მუშაობას. ამჟამად მითითებული ბლოკი გადატვირთულია და გამორთულია ელექტროქსელიდან.
ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, რომელიც მათ ატომური ენერგეტიკის მარეგულირებელი სახელმწიფო კომისიის სპეციალისტებს მიაწოდეს, 21:00 საათისთვის (კიევის დროით) ადგილზე, სანიტარიულ დაცვის ზონაში და მონიტორინგის დროს რადიაციის მდგომარეობა არ შეცვლილა. ბირთვული ელექტროსადგურის ზონაში დაფიქსირდა რეგულარული რადიაციული კონტროლის სისტემები.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა დაადანაშაულა რუსეთი, რომ ის ბირთვულ ელექტროსადგურს იყენებს სამხედრო ბაზად, საიდანაც უკრაინულ ძალებზე ახორციელებს თავდასხმებს. უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები ინახავენ სამხედრო ტექნიკას უკრაინის სამხრეთში მდინარე დნიპროზე მდებარე ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და ადანაშაულებენ რუსებს ობიექტის "ბირთვულ ფარად" გამოყენებაში. ბლინკენმა განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, უკრაინელებს არ შეუძლიათ საპასუხო სროლა, რათა არ მოხდეს საშინელი ავარია ატომურ ელექტროსადგურის ჩართულობით".
თავად რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა როიტერსს განუცხადა, რომ უკრაინული ძალები იყენებდნენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმისთვის. ოფიციალური პირები მზად არიან, აჩვენონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და მის გენერალურ მდივანს, რაფაელ მირიანო გროსის, თუ როგორ იცავდნენ რუსები ბირთვულ ობიექტს, ხოლო უკრაინელები, სავარაუდოდ, თავს ესხმოდნენ მას.
”არ შეიძლება რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ბირთვულ ელექტროსადგურზე, სადაც პერსონალი ცხოვრობს ოკუპირებულ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც დატერორებულია”, თქვა მარკ ჟელეზნიაკმა, იაპონიის ფუკუშიმას გარემოსდაცვითი რადიოაქტიურობის ინსტიტუტის პროფესორმა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) როლი ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოებაში
2022 წლის 6 აგვისტოს განცხადებაში, IAEA-ის გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი, რომელიც თვეების განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა მოლაპარაკებას შეთანხმებაზე ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე IAEA-ს ინსპექტირების ჩასატარებლად, ამბობს, რომ „ბირთვული უსაფრთხოების შვიდი საყრდენიდან“ თითქმის ყველა კომპრომეტირებულია ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე. ეს მოიცავს შენობის ფიზიკურ მთლიანობას, რადიაციის რეგულარულ გარე მონიტორინგს და სათადარიგო ნაწილების, საწვავის და მარაგების სტაბილურ მიწოდებას.
პირველადი და უშუალო რისკი ქარხნის პერსონალისთვისაა. სააგენტოს ბირთვული სპეციალისტების თქმით, ოკუპაციის დროს თანამშრომლების იძულება ზრდის საფრთხეს, რომ თანამშრომლები დაუშვებენ სტრესით გამოწვეულ შეცდომებს, ან უბრალოდ დატოვებენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, რათა თავშესაფარი ეძიონ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარის გადაღმა.
ეს საფრთხეები ადრეც იყო ცნობილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, 1 აგვისტოს, IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იქ არსებულ მზარდ საგანგაშო ვითარებაზე და მოუწოდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი უბედური შემთხვევა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უკრაინაში და სხვაგან.
”ეს ცნობები ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს IAEA-ს ზაპორიჟიაში წასვლის მნიშვნელობას. მე ვაგრძელებ ჩემს მტკიცე ძალისხმევას, რომ შევათანხმო და გავაგზავნო უსაფრთხოების და დაცვის მისია რაც შეიძლება მალე (ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე). ეს გადაუდებელია“, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა გროსიმ. IAEA-ის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის, მისიის განხორციელება გადამწყვეტი იქნება სიტუაციის უკეთ გასაგებად ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ 4 მარტიდან.
2022 წლის 6 აგვისტოს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა შეშფოთება გამოთქვა 5 აგვისტოს ზაპორიჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე განხორციელებული კიდევ ერთი დაბომბვის გამო, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. მან თქვა, რომ სამხედრო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას და დაცულობას, სრულიად მიუღებელია და თავიდან უნდა იყოს აცილებული ყველა ფასად.
ნებისმიერი სამხედრო ცეცხლსასროლი ძალა, რომელიც მიმართულია ობიექტზე ან იქიდან, ტოლფასი იქნება ცეცხლთან თამაშის, პოტენციურად კატასტროფული შედეგებით, განაცხადა მან. „მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, რომელიც განხორციელდება ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე ან მის მახლობლად ან მის თანამშრომლებზე. უკრაინულ პერსონალს, რომელიც მართავს ობიექტს რუსული ოკუპაციის ქვეშ, უნდა შეეძლოს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მოვალეობები საფრთხისა და ზეწოლის გარეშე, რომელიც ძირს უთხრის მათ და თავად ობიექტის უსაფრთხოებასაც. ამ უაღრესად არასტაბილურ და სახიფათო ვითარებაში, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების შვიდი შეუცვლელი საყრდენი, რომელიც მე გამოვკვეთე ომის დასაწყისში და რომელიც გავიმეორე გაეროში, ნიუ-იორკში, ორშაბათს (1 აგვისტოს), სრულად იყოს დაცული, რათა მოხდეს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შენარჩუნება“.
ბ-ნი გროსი, ასევე, აცხადებს, რომ IAEA-ს მისია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სიტუაციის სტაბილიზაციაში, როგორც ეს მოხდა ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე, სადაც IAEA-მ პერსონალს მიაწოდა საჭირო აღჭურვილობა ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზურნველსაყოფად.
„არ შევჩრდები - აცხადებს ბ-ნი გროსი, მე გავაგრძელებ ზეწოლას იმისთვის, რომ IAEA-ს ეს მისია მაინც განხორციელდეს, მაგრამ ამას დასჭირდება თანამშრომლობა, გაგება და ხელშეწყობა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთისგან. ჩვენ, ასევე, დაგვჭირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერა და მე ძალიან მადლობელი ვარ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. იმისათვის, რომ დავიცვათ პოტენციური ბირთვული ავარიისგან ხალხი უკრაინაში და სხვაგან. ჩვენ ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი უთანხმოება და ვიმოქმედოთ ახლავე. IAEA მზად არის“ - ამბობს გენერალური მდივანი.
უკრაინაში განთავსებული ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოება
უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყებისთანავე, IAEA-მ გააფრთხილა რუსეთი და უკრაინა მძიმე ბირთვული ავარიის საფრთხის შესახებ, რადგან უკრაინაში ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია 15 რეაქტორით. IAEA აგრძელებს დისტანციური უსაფრთხოების მონაცემების მიღებას ოთხივე ბირთვული ელექტროსადგურიდან, თუმცა პერიოდულად წყდება ინფორმაციის მიღება ზაპორიჟიადან, და, ასევე, არ არის შესაძლებელი ინგორმაციის მიღება ჩერნობილიდან.
22 ივლისის 2022 მონაცემებით, უკრაინამ აცნობა IAEA-ს, რომ ქვეყნის 15 ატომური ენერგიის რეაქტორიდან ათი ამჟამად დაკავშირებულია ქსელთან, მათ შორის სამი - ზაპორიჟიაში, სამი- რივნეში, ორი - სამხრეთ უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურზე და 2 - ხმელნიცკის ბირთვულ ელექტროსადგურზე. სხვა რეაქტორები დაიხურა რეგულარული მოვლისთვის.
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექტორატის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, 2022 წლის 6 აგვისტოსთვის უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის კუთხით შემდეგი სიტუაციაა:
- რივნეს ბირთვული ელექტროსადგური (3 ბლოკი) ჩვეულ რეჟიმში მუშაობს - უსაფრთხო მუშაობის ლიმიტებისა და პირობების დარღვევა არ დაფიქსირებულა. რადიაციული ფონი, ხანძარსაწინააღმდეგო და გარემო პირობები ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეცვლილა და მოქმედი სტანდარტების ფარგლებშია.
- ხმელნიცკის ბირთვული ელექტროსადგური (2 ბლოკი) ნორმალურ რეჟიმში მუშაობს და ჩართულია უკრაინის ერთიან ენერგოსისტემაში; ინფრასტრუქტურა, ტერიტორიის პერიმეტრი და აღჭურვილობა დაცულია.
- სამხრეთ უკრაინის ბირთვული ელექტროსადგური (2 ბლოკი) ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ობიექტზე რადიაციული ფონი არ არის მომატებული.
ამას გარდა, გასულ თვეში უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა მარეგულირებელმა ინსპექტორატმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ უკრაინამ ოფიციალურად შეაჩერა რუსეთთან ხელმოწერილი ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმებები.
ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისფულებამ მიიღო რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამო. უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექტორატი აჩერებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ეხება სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას ბირთვული უსაფრთხოების სფეროში.
აღნიშნულ თემაზე განკარგულებას ხელი 2022 წლის 24 ივნისს უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ კორიკოვმა მოაწერა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა ევროპის საბჭოს შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ:
- უკრაინის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროსა და რუსეთის ფედერალურ ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების ზედამხედველობის სამსახურს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება (ხელმოწერილი 1996 წლის 19 დეკემბერს ვენაში);
- შეთანხმება უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი კომიტეტისა და რუსეთის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების ფედერალურ ზედამხედველობას შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების უსაფრთხოების რეგულირების სფეროში (ხელმოწერილი მოსკოვში 2002 წლის 14 სექტემბერს).
ასევე, ცნობილია, რომ უკრაინა ოფიციალურად არ არის თანახმა, მოიწვიოს IAEA ინსპექტირების განსახორციელებლად უკრაინაში, რადგანაც ნებისმიერი ვიზიტი დააკანონებდა რუსეთის ყოფნას იქ. ასეთი ინსპექტირების განხორციელებას სჭირდება თანამშრომლობა, გაგება და ხელშეწყობა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთისგან - აცხადებს IAEA-ს გენერალური დირექტორი გროსი.
ამას გარდა, უკრაინა მიიჩნევს, რომ IAEA და გაერომ უნდა მოსთხოვონ რუსეთს ზაპორიჟიას ბირთვული ელექტროსადგურიდან გასვლა. 2022 წლის 7 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან განიხილა ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ატომურ ინდუსტრიაზე სანქციების დაწესება მოითხოვა.
გამოყენებული წყაროები:
Russia accused of waging war out of working nuclear power plant in Ukraine, France 24, 25 July 2022. Available at: https://www.france24.com/en/europe/20220725-russia-accused-of-waging-war-out-of-working-nuclear-power-plant-in-ukraine
Drew Hinshaw and Joe Parkinson, The Wall Street Journal, 5 July, 2022 . Available at: https://www.wsj.com/articles/russian-army-turns-ukraines-largest-nuclear-plant-into-a-military-base-11657035694?utm_source=Stimson+Center&utm_campaign=4813bed01a-Prog%2FNukeSec%2FINSF+Newsletter+-+June+2022&utm_medium=email&utm_term=0_15c3e20f70-4813bed01a-438266498
Energoatom re-establishes link to Zaporizhzhya nuclear plant. 4 July , 2022 https://www.power-technology.com/news/energoatom-zaporizhzhya-link/?utm_source=Stimson+Center&utm_campaign=4813bed01a-Prog%2FNukeSec%2FINSF+Newsletter+-+June+2022&utm_medium=email&utm_term=0_15c3e20f70-4813bed01a-438266498
Joshua Manning, Ukraine terminates nuclear security agreements with Russia, Euro Weekly News 27 June 2022. https://euroweeklynews.com/2022/06/27/breaking-news-ukraine-terminates-nuclear-security-agreements-with-russia/?utm_source=Stimson+Center&utm_campaign=4813bed01a-Prog%2FNukeSec%2FINSF+Newsletter+-+June+2022&utm_medium=email&utm_term=0_15c3e20f70-4813bed01a-438266498
Nuclear Safety and Security in Ukraine, IAEA, 8 August 2022, Available at: https://www.iaea.org/nuclear-safety-and-security-in-ukraine
Ukraine war: IAEA says Zaporizhzhia nuclear plant out of controlClaudia Allen & Patrick Jackson, BBC News, 4 August 2022. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-62412429?fbclid=IwAR0SiUxwm5sDiccbSC0cIOWiLDLpWxkscRMapMESwlSwfgvvOBsJDDAwrFE
Oleg Zhdanov gave a forecast on the situation around the Zaporizhzhia NPP, The Odessa Journal / Ukraine Today, 8 August 2022, Available at: https://ukrainetoday.org/2022/08/08/oleg-zhdanov-gave-a-forecast-on-the-situation-around-the-zaporizhzhia-npp/